საქართველო-საბერძნეთი

საბერძნეთში არალეგალი ქართველების ლეგალურად ცხოვრების საკითხს განიხილავენ

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საბერძნეთში არალეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ლეგალიზაციის ხელშეწყობის საკითხს განიხილავენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ საკითხზე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში იოსებ ნანობაშვილი საბერძნეთის მიგრაციის პოლიტიკის მინისტრს იოანის მუზალასს შეხვდა. შეხვედრის მიზანს "ამ პროცესში ორ ქვეყანას შორის ერთიანი, კოორდინირებული მიდგომის ჩამოყალიბება წარმოადგენდა".

სამინისტროს ინფორმაციით, "შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ბერძნული მხარე შესაბამის ტექნიკურ დახმარებას გაგვიწევს მიგრაციის შესახებ საბერძნეთის 2014 წლის კანონისა და მასში შესული შესაბამისი შესწორებების ინტერპრეტაციის, ასევე, მათი პრაქტიკული რეალიზაციის საკითხში. ფოკუსირება მოხდება კანონის იმ მუხლებზე, რომლებიც, გამონაკლისის სახით, საბერძნეთში მცხოვრებ ე.წ. „მესამე ქვეყნების“, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, საბერძნეთში ლეგალურად ცხოვრების  უფლებას აძლევს".

მხარეები ასევე დაიწყებენ მუშაობას ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე. მათ საფუძველზე ე.წ. მესამე ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების ახალი კატეგორიებისათვის, გაიხსნება საბერძნეთის რესპუბლიკაში ლეგალურად ცხოვრების შესაძლებლობები. მხარეებმა პირველ ასეთ შესაძლო კატეგორიად განსაზღვრეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე მზრუნველი ადამიანები.

"დაგეგმილი ღონისძიებების ეფექტიანად წარმართვის მიზნით, საქართველოს საელჩო გეგმავს თანამშრომლობას საბერძნეთში მოღვაწე ქართველ იურისტებთანაც, რომელთაც საბერძნეთის კანონმდებლობასთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება გააჩნიათ, ხოლო ბერძნული მხარე თავის მხრივ, გამოყოფს სამართლებრივ საკითხებზე პასუხისმგებელ შესაბამის პირს" - აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

კომენტარები