ელიტური კორუფცია

ენმ სოსო გოგაშვილის შესაძლო კორუფციული საქმიანობის გამოძიებას ითხოვს

იოსებ გოგაშვილი
შსს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მთავარ პროკურატურას სუსის ხელმძღვანელის მოადგილის სოსო გოგაშვილის შესაძლო კორუფციული საქმიანობის გამოძიების მოთხოვნით მიმართავს. ენმ-ის წევრებმა უკვე შეიტანეს სარჩელი პროკურატურაში. მათი თქმით, სანამ სოსო გოგაშვილი სუს-ის მაღალჩინოსანი გახდებოდა, ის სოციალური დახმარებით სარგებლობდა, დღეს კი ის რამდენიმე მილიონიან ქონებას ფლობს.

"სახეზე არის კორუფციული სქემის კლასიკური მაგალითი. ადამიანი, რომელიც 2013 წელს სოციალურ დახმარებას ღებულობს, ძალიან დიდი ქონების პატრონი გახდა, მას შემდეგ, რაც თანამდებობაზე დაინიშნა და საჯარო სამსახურში მოხვდა. ასევე, საუბარი შეიძლება იყოს უკანონო გამდიდრებაზე და სხვა კორუფციულ დარღვევებზე, რომელიც კანონმდებლობით არის განსაზღვრული. სულ მცირე, პროკურატურამ უნდა დაიწყოს ამ საქმეზე გამოძიება, - ამბობს ლევან ბეჟაშვილი.

რუსთავი 2-ის გადაცემა P.S- ის ცნობით, იოსებ გოგაშვილის ცოლის დის, ხათუნა მარტყოფლიშვილის სახელზე 2016 წლის აგვისტოში 105 ათასი კვ.მ. მიწა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელი მაჩხაანში; 350 ათასი კვ.მ. მიწა სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბისხევში; 7 მიწის ნაკვეთი შირაქში, რომლის ჯამური ფართია 1 მლნ. 300 000 კვ.მ. და თბილისში, ცაგარელის ქუჩაზე მდებარე ბინა გადაფორმდა. მათივე ინფორმაციით, გოგაშვილის ცოლის და მკერავია და ნაქირავებ სახლში ცხოვრობს.

გოგაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში 2012 წლიდან მუშაობდა. 2015 წლის მარტში კი სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.

კომენტარები