დღევანდელ პლენარულ სხდომაზე "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა ბოლო დროს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ხელისუფლების რეაქციაზე ისაუბრა. როგორც ცნობილია, ოკუპირებულ აფხაზეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რომლის მეორე ტურიც 26 მარტს გაიმართება. დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამხედრო ძალები კი რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობას უერთდება.
"ბოლო დღეებში რუსეთის ფედერაციამ განახორციელა რამდენიმე მტრული ნაბიჯი. მილიტარისტული ნაბიჯები გადაიდგა ოკუპირებულ რეგიონებში და შემაშფოთებელია, რომ საქართველოს ხელისუფლებას, პრაქტიკულად, არაფერი გაუკეთებია, იმისათვის, რომ დევნილთა დაბრუნების საკითხი დამდგარიყო საერთაშორისო პოლიტიკურ დღის წესრიგში. პრემიერმინისტრს არ აღმოაჩნდა დრო, რომ ჩასულიყო რომელიმე მნიშვნელოვან დედაქალაქში მაინც და არ დაურეკავს არცერთ მსოფლიო ლიდერთან, რომ მომხდარიყო ყურადღების მობილიზება ამ საკითხების ირგვლივ. შეხვდნენ ერთმანეთს ამერიკის პრეზიდენტი და გერმანიის კანცლერი, მათ ისაუბრეს უკრაინაზე და არაფერი უთქვამთ საქართველოსთან დაკავშირებით, რადგან ამისათვის არაფერი გაუკეთებია საქართველოს მთავრობას, მას ამისათვის არ ჰქონდა დრო.
სამაგიეროდ, საქართველოს მთავრობას ჰქონდა დრო იმისთვის, რომ, როდესაც სტრასბურგის სასამართლოში იმართებოდა რუსთავი2-ის საქმის განხილვა და სტრასბურგმა ნაკუწებად აქცია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, იქ სწრაფად მიევლინათ საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც მართლა უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.
სამაგიეროდ, საქართველოს მთავრობას ჰქონდა დრო, რომ უზენაესი სასამართლოს თავჯდომარესთან ერთად დოკუმენტები გაეყალბებინათ, რადგან არ აღმოჩენილიყო, თითქოს 2 დღეში განიხილა დიდმა პალატამ საქმე.
სამაგიეროდ, საქართველოს მთავრობას აღმოაჩნდა დრო, თბილისის მერთან ერთად, რომ მილიონი ლარი გადაერციხა მოსამართლე ნაზღაიძის ძმისთვის", - თქვა კანდელაკმა პლენარულ სხდომაზე.





