აქცია ბათუმში

გოცირიძე ბათუმის მოვლენებზე: ენმ-ის შეცდომა არ იყო, პოსტ ფაქტუმ შეფასება ადვილია

ტაბულა

ენმ-ის წევრი, რომან გოცირიძე ტაბულას კითხვაზე - თვლით თუ არა, რომ ბათუმში არეულობის დროს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სოლიდარობის აქცია და განცხადებები იყო შეცდომა - პასუხობს, რომ ეს შეცდომა არ ყოფილა, რადგან პარტია არ გამიჯვნია აქციის "თავდაპირველ მიზანს":

"არავითარი შეცდომა არ იყო, ბათუმში განვითარებული მოვლენების დროს, პარტია არ დაელოდა თუ როგორ დამთავრდებოდა ეს პროცესი. მეორე დღის 6 საათზე განცხადებების გაკეთება ძალიან მარტივი იქნებოდა, როდესაც გეცოდინებოდა მოვლენები როგორ განვითარდებოდა. პოსტ ფაქტუმ მოვლენების შეფასება ძალიან ადვილია. ნაციონალური მოძრაობა მომენტალურად გაემიჯნა ამ დარბევებს, მაგრამ ნაციონალური მოძრაობა არ გამიჯვნია აქციის თავდაპირველ მიზანს, როდესაც ხალხი ითხოვდა ხელისუფლებისგან პასუხს",- ამბობს გოცირიძე. 

კითხვაზე, ისარგებლა თუ არა ხელისუფლებამ ნაციონალური მოძრაობის განცხადებებით, გოცირიძე პასუხობს, რომ ხელისუფლება ამას შეეცადა:

"კი, რა თქმა უნდა, ხელისუფლება ნებისმიერ შემთხვევაში, ყოველთვის ცდილობს, რომ ვიღაცას გადააბრალოს და როგორც წესი, ეს არის ნაციონალური მოძრაობა. ხელისუფლება შეეცადა ამას და გარკვეულწილად, შესაძლებელია ეს იყო პოლიტიკურად დამაზიანებელი. დღეს უკვე ხელისუფლების ტონი შეცვლილია, რადგან ჩანს, რომ ამაში ნაციონალური მოძრაობის როლი მხოლოდ პოზიტიურია. ეს დაახლოებით, ჰგავს იმ პროვოკაციას, რომელიც გივი თარგამაძეს მოუწყვეს, როდესაც დაიწყეს გამოკითხვა იმყოფებოდა თუ არა ეჭვმიტანილი პიროვნება უკრაინაში",- აღნიშნა რომან გოცირიძემ.

11 მარტს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აქციის მონაწილეებისადმი სოლიდარობის ნიშნად, თბილისში, რუსთაველზე შეიკრიბა. მოგვიანებით, პარტიამ გააკეთა განცხადება, სადაც ძალადობა დაგმო და მოქალაქეებს მშვიდობიანი პროტესტისკენ მოუწოდა, ხელისუფლება კი არაადეკვატურ რეაქციაში დაადანაშაულა.

კომენტარები