აქცია ბათუმში

პრემიერი: ქვეყანას ჰყავს კონსტრუქციული მთავრობა და დესტრუქციული ოპოზიციის ნაწილი

ტაბულა

საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებით, საქართველოს ჰყავს კონსტრუქციული და ქვეყნის მოყვარული მთავრობა და დესტრუქციული ოპოზიციის ნაწილი.

ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, ბათუმში განაცხადა. 

"შეფასება არის ერთმნიშვნელოვანი. ეს არის ქვეყანა, რომელშიც არის ძალიან კონსტრუქციული, ქვეყნის მოყვარული მთავრობა, რომელიც ზედმიწევნით იცავს კანონს და ჩვენი მოქალაქეების უფლებებს და სტაბილურობას. ასევე, ეს არის ქვეყანა, რომელშიც არის აბსოლუტურად დესტრუქციული ოპოზიციის ნაწილი, რომელიც არად დაგიდევს ქვეყნის სტაბილურობას, ჩვენი მოქალაქეების უფლებას იცხოვრონ მშვიდობიან ქვეყანაში და იყენებს ყველაზე სათუთ გრძნობებსაც კი, იმისათვის, რომ საკუთარ პოლიტიკურ მიზნებს მიაღწიოს. ეს არის სიმართლე", - ამბობს კვირიკაშვილი.

ჟურნალისტების კითხვას, რომელ პოლიტიკურ პარტიას გულისხმობს ამ განცხადებაში, პრემიერი პასუხობს:

"ძალიან ცხადად ვთქვი სხვათაშორის, რაც ვიგულისხმე. მათი მიზანი არის ის, რომ თუნდაც ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა, ოღონდაც ისინი იყვნენ ხელისუფლებაში".

გიორგი კვირიკაშვილი ბათუმში დღეს ჩავიდა. პრესსამსახურის ინფორმაციით, ის იმყოფებოდა მთავარ სამმართველოში და შეხვდა დანაყოფებს, ვინც მონაწილეობდა წესრიგის დამყარებაში. ასევე, საავადმყოფოში მოინახულა დაზარალებულები.

აქცია ბათუმში დაახლოებით 12 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოქალაქეები თავდაპირველად პოლიციის მხრიდან ორი პირის დაკავებას აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ, რომ პოლიციამ დაკავების დროს ძალა გამოიყენა. შემდეგ, აქციის მონაწილეებმა პოლიციის განყოფილების ახალი უფროსის გადადგომა მოითხოვეს. მოგვიანებით კი, მათ პოლიციის შენობასთან მყოფი სპეცდანიშნულების რაზმის მისამართით ქვები ისროლეს, დააზიანეს პოლიციისა და მოქალაქეების ავტომანქანები. ამის შემდეგ პოლიციამ აქციაზე ცრემლსადენი გაზი გაუშვა. აქციის მონაწილეები დროებით მიმოიფანტნენ, თუმცა ცოტა ხანში აქცია კვლავ განახლდა და გაგრძელდა.

ოფიციალური ინფორმაციით, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 30-ზე მეტ ადამიანს, მათ შორის არიან პოლიციელებიც. აქციაზე დაკავებულია 20-ზე მეტი ადამიანი. ამ დროისთვის, ბათუმში აქცია დასრულებულია.

ბათუმში გვიან ღამით გაემგზავრნენ უშიშროების საბჭოს მდივანი, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი. 

კომენტარები