მიხეილ ჯანელიძე

ჯანელიძე სტრასბურგში ვიზიტზე: ინფორმაცია მივაწოდე მედიაგარემოსთან დაკავშირებით

მიხეილ ჯანელიძე
ტაბულა

საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე, ტაბულას კითხვას სტრასბურგში მის ვიზიტსა და რუსთავი 2-თან დაკავშირებით, პასუხობს, რომ ეს ვიზიტი მიმდინარე საქმის განხილვას არ ეხებოდა. თუმცა მოგვიანებით ჯანელიძემ აღნიშნა, რომ ის, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი, ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, იმიტომ ჩავიდა სტრასბურგში, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის მედიაგარემოსა და რუსთავი 2-ზე, მათთვის ინფორმაცია მიეწოდებინა. 

"ჩემი ვიზიტი სტრასბურგში არ ემსახურებოდა კონკრეტული მიმდინარე საქმის განხილვას. მე ვნახე, რომ გარკვეული სპეკულაციები მოყვა ჩემს ვიზიტს, მაგრამ ის პირები, რომლებიც საუბრობდნენ ამ ვიზიტთან დაკავშირებით, თითქოს ეს ემსახურებოდა კონკრეტულად რუსთავი 2-ის საქმის განხილვას", - ამბობს ჯანელიძე.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, თუ რატომ დაემთხვა რუსთავი 2-ის საქმის განხილვას მისი ვიზიტი, საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა, რომ მან ევროსაბჭოს წევრებს ინფორმაცია მიაწოდა.

"ჩვენ გვაქვს რეგულარული, ძალიან ღია და ტრანსფარენტული თანამშრომლობა ევროპის საბჭოსთან და საგარეო საქმეთა სამინისტრო არის ის ორგანო და ის უწყება, რომელიც თანამშრომლობს ღიად და წარმოადგენს სახელმწიფოს მაშინ, როდესაც საჭიროა ინფორმაციის მიწოდება ქვეყანაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მათ შორის, დემოკრატიულ პროცესებთან დაკავშირებით. [რაც შეეხება რუსთავი 2-ს] მე მივაწოდე ინფორმაცია მედიაგარემოსთან დაკავშირებით და მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით", - განცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება პირველად 4 მარტს, 8 მარტამდე შეაჩერა. საგარეო საქმეთა მინისტრი სტრასბურგში 6 მარტს გაემგზავრა. 7 მარტს სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების უვადოდ შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. 

კომენტარები