პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თქმით, შესაძლოა, ხუთწლიან პერსპექტივაში, საქართველოში ზამთრის რომელიმე სახეობაში მსხვილი საერთაშორისო მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდეს. კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, რომ შვეიცარიაში ვიზიტის დროს, ზამთრის სპორტის სახეობების ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან, ასევე, შვეიცარიის და ავსტრიის სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტებთან გამართა შეხვედრა.
"ვისაუბრეთ საქართველოში ზამთრის რომელიმე სახეობაში მსხვილი საერთაშორისო მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებაზე. მოგეხსენებათ, ამას სჭირდება მომზადება და იქ არის უკვე გამოკვეთილი ქვეყნები. რამდენიმე წლის განმავლობაში, დაახლოებით ხუთწლიან პერსპექტივაში, არ არის გამორიცხული, რომ შევიტანოთ განაცხადი და წარმატებით მივიღოთ უფლება, რომელიმე სახეობაში - ფრისტაილი, სნოუბორდი და ასე შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ტურნირის ჩატარების. ეს იქნება უმნიშვნელოვანესი ბიძგი საქართველოში ამ მიმართულებით ინვესტიციებისთვის და, რა თქმა უნდა, სახელმწიფო გააგრძელებს ძალიან დიდი აქცენტის გაკეთებას ამ მიმართულებით", - განაცხადა კვირიკაშვილმა.





