ნავთობის ფასი

რუსეთმა საუდის არაბეთს უმსხვილესი ნავთობმომპოვებლის ტიტული წაართვა

Getty Images

რუსეთის ფედერაციამ საუდის არაბეთს მსოფლიოს უმსხვილესი ნავთობმომპოვებლის ტიტული წაართვა. Bloolmberg-ის ცნობით, ამის მიზეზი საუდის არაბეთის მიერ ნავთობექსპორტიორი ქვეყნების გაერთიანების (OPEC) მოთხოვნების შესრულებაა. OPEC-ის გადაწყვეტილებით, ნავთობის ფასების "სტაბილიზაციისთვის" მისმა წევრებმა ნავთობმოპოვება უნდა შეამცირონ.

დეკემბრის მონაცემებით, რუსეთი დღეში 10.49 მილიონ ბარელ ნედლ ნავთობს მოიპოვებდა, აღნიშნული მაჩვენებელი ნოემბერთან შედარებით 29 ათასი ბარელით ნაკლებია. საუდის არაბეთის ნავთობმოპოვება დღეში 10.46 მილიონი ბარელი იყო, ნოემბერში კი - 10.72 მილიონი ბარელი. რუსეთი უმსხვილესი ნავთობმომპოვებელი გასული 11 თვის მანძილზე პირველად გახდა. 

უმსხვილესი ნავთობმომპოვებლების რეიტინგი ასე გამოიყურება:

  1. რუსეთი - 10.49 მილიონი ბარელი დღეში
  2. საუდის არაბეთი - 10.46 მილიონი ბარელი დღეში
  3. აშშ - 8.9 მილიონი ბარელი დღეში
  4. ერაყი - 4.9 მილიონი ბარელი დღეში

OPEC-მა, რომელზეც მსოფლიოს ნედლი ნავთობის წარმოების 1/3 მოდის, ნოემბრის ბოლოს მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც მიზნად ყოველდღიური ნავთობმოპოვების 1.2 მილიონი ბარელით შემცირებას ისახავს. ამ შეთანხმებას OPEC-ის არაწევრი რამდენიმე სახელმწიფო, მათ შორის, რუსეთიც მიუერთდა. OPEC-ის გადაწყვეტილების შედეგად, ბოლო სამი თვის მანძილზე ნავთობის ფასები 20%-ით გაიზარდა. არსებული მდგომარეობით, ერთი ბარელი ნედლი ნავთობის (Brent Crude) ღირებულება $56-ზეა.

იმის მიუხედავად, რომ არსებული მდგომარეობით რუსეთი ყველაზე მეტ ნავთობს მოიპოვებს, იგი ნავთობმარაგებით პირველ ადგილზე არაა, მეტიც, ნავთობის დამტკიცებული მარაგებით ქვეყნების ხუთეულშიც კი არ შედის.

ნავთობის მარაგის მიხედვით ქვეყნების ხუთეული ასე გამოიყურება:

  1. ვენესუელა - 297 მილიარდი ბარელი ნავთობი
  2. საუდის არაბეთი - 268 მილიარდი ბარელი ნავთობი
  3. კანადა - 173 მილიარდი ბარელი ნავთობი
  4. ირანი - 157 მილიარდი ბარელი ნავთობი
  5. ერაყი - 140 მილიარდი ბარელი ნავთობი

კომენტარები