გიორგი მამალაძის დაკავების საქმის მასალების გამოუქვეყნებლობასთან დაკავშირებით პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ სამწუხაროდ, ამას საზოგადოებისა და ეკლესიის წარმომადგენლებისგან კრიტიკა მოჰყვა. პრემიერის თქმით, საქმის მასალები გამოძიებისა და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე არ ქვეყნდება.
"დღემდე მაქსიმალურად ვცდილობთ, თავი შევიკავოთ მასალების გამოქვეყნებისგან. ამას, რა თქმა უნდა, ვაკეთებთ გამოძიებისა და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. სამწუხაროდ, ამის პასუხად საზოგადოების მთელი რიგი წარმომადგენლებისგან და რაც კიდევ უფრო სამწუხაროა, ეკლესიის ზოგიერთი წარმომადგენლისგან მივიღეთ საკმაოდ უსამართლო და არაადეკვატური რეაქცია. მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, მოვითხოვთ უფრო მეტ ნდობას და თანადგომას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ.
ასევე მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ პატრიარქის ოპერაციის წინა დღეს მაქსიმალურად გავუფრთხილდით მას. არ გვინდოდა მისი აღელვება და თავი შევიკავეთ დაკავების ინფორმაციის გავრცელებისგან. სამწუხაროდ ასე არ მოიქცა ერთ-ერთი მედია, რომელმაც გამოაქვეყნა ეს ინფორმაცია და შემდეგ ჩვენ მოგვიწია მოპასუხის რეჟიმში ყოფნა. და ამ პირობებშიც ჩვენ თავი შევიკავეთ მასალების გამოქვეყნებისგან. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოში ჩამოსვლისა და მასალების გაცნობის შემდეგ, პატრიარქს საქმეზე შესაბამისი პოზიცია ექნება.
ბუნებრივია, როდესაც ხდება პიროვნების დაკავება ასეთი ნივთიერებით და ის მიემგზავრება პატრიარქთან გერმანიაში, ჩვენ არ გვაქვს უფლება, არ დავუშვათ ყველანაირი სცენარი, ამიტომ ჩვენ განცხადებაც გავაკეთეთ და მივიღეთ შესაბამისი პრევენციული ღონისძიებებიც, რათა არ მომხდარიყო დიდი უბედურება",- ტელეკომპანია იმედის ეთერში ამბობს პრემიერი.
პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს დააკავა. უწყების ცნობით, მათ ერთ-ერთმა მოქალაქემ მიმართა და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც მას, "როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა".





