რუსთავი 2-ის საქმე

სამუშია: ხელისუფლებამ, ალბათ, იგრძნო, რომ რ2-ის მოსამართლეები არ იყვნენ მართვადები

ტაბულა

თავისუფალი დემოკრატების წევრი ლევან სამუშია ფიქრობს, რომ შესაძლოა, რუსთავი 2-ის საქმის მოსამართლეების, ბესარიონ ალავიძისა და პაატა ქათამაძის საქმიანობაში ჩარევის საქმე ხელისუფლების მხრიდან იყოს დაგეგმილი.

"თვითონ მოსამართლეების განცხადებაშიც არის მითითებული, რომ ეს შესაძლოა, იყოს პროვოკაციის მცდელობა. ხელისუფლებამ, ალბათ, იგრძნო, რომ ეს მოსამართლეები არ იყვნენ მართვადები და დამოუკიდებლად იღებდნენ გადაწყვეტილებას. შესაბამისად, შეიძლება, სპეციალურმა სამსახურებმა მათ გაუგზავნეს წერილები და SMS შეტყობინებები, რაც, ბუნებრივია, მოსამართლეთა მხრიდან უნდა გამხდარიყო შესაბამისი სტრუქტურებისთვის შეტყობინებისა და გამოძიების დაწყების საფუძველი. შედგომში ეს შესაძლებელია, რუსთავი 2-ის მოწინააღმდეგე მხარისათვის, გახდეს სასამართლოში ამ მოსამართლეების აცილების საფუძველიც", - თქვა სამუშიამ.

პროკურატურამ დღეს რუსთავი 2-ის საქმის მოსამართლეების ბესარიონ ალავიძისა და პაატა ქათამაძის მიმართვები და სხვა დოკუმენტაცია გამოაქვეყნა, რომელთა საფუძველზეც, უწყების მტკიცებით, მოსამართლეების საქმიანობაში ჩარევა დასტურდება. წერილების ავტორად, რომლებიც მოსამართლეებმა მიიღეს, დ. საყვარელიძეა მითითებული. მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე მოსამართლეების საქმიანობაში ჩარევას უარყოფს.

შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა, ბესარიონ ალავიძემ და პაატა ქათამაძემ, რომლებიც რუსთავი 2-ის საქმეს კოლეგიაში განიხილავდნენ და შემდგომ საქმე დიდ პალატას გადასცეს, მათ საქმიანობაში უხეშად ჩარევის შესაძლო ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას 14 იანვარს მიმართეს. პროკურატურის განცხადებით, მოსამართლეებს წერილები და შეტყობინებები ყოფილი ხელისუფლების თანამდებობის პირის სახელით მიუვიდათ. ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია კი ამბობს, რომ მოსამართლეებს საჩივრის შინაარსი ზეწოლით შეაცვლევინეს და სუბიექტად არა მოქმედი, არამედ ყოფილი ხელისუფლება დაასახელებინეს.

კომენტარები