"მოძრაობა თავისუფლებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა რუსთავი 2-ის საქმის მოსამართლეების საქმიანობაში შესაძლო ჩარევის ფაქტთან დაკავშირებით ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული მოსამართლეები ზეწოლის შესახებ განცხადებას არ გააკეთებდნენ, სუსი და პროკურატურა მათ წინააღმდეგ საქმეებს აღძრავდნენ.
"უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არის უბრალოდ გაუბედავი არსება, ის არის პოლიტიკურად დავალებული ივანიშვილის რეჟიმისგან, ის არის ამ რეჟიმის გამტარებელი და არ უნდა შევიქმნათ ილუზია, რომ ის პრეზიდენტმა წარადგინა, ეს გარემოება აბსოლუტურად არაფერს არ ცვლის. ის უბრალოდ ცდილობს, რომ ამ მძიმე თამაშში სახე შეინარჩუნოს და რასაც რუსთავი 2-ის საქმე ჰქვია უბრალოდ მოიშოროს. ჩვენ მივიღეთ სუს-ისთვის და პროკურატურისთვის წაუგებელი თამაში. თუ ეს მოსამართლეები ამ ზეწოლის წინადადებებს არად ჩააგდებდნენ, მაშინ მათ წინააღმდეგ დაიწყებოდა საქმეები. იტყოდნენ, რომ მათ აქვთ ინფორმაცია, რომ მოსამართლეებმა მიიღეს ქრთამის შეთავაზება ან რაღაც კომუნიკაციაში შევიდნენ ვიღაც მაღალჩინოსნებთან, ან ესენი იძულებული იქნებოდნენ, რომ მიემართათ პროკურატურისთვის და პროკურატურა ისევ დაიწყებდა გამოძიებას.
იმის ნაცვლად, რომ სუს-ი დაკავებული იყოს თუნდაც ჯაშუშების დაჭერით ან სხვა ქვეყნისთვის საჭირო საქმით, იმ ფონზე, როდესაც მრავალი გამოწვევის წინაშე იმყოფება ქვეყანა, დაკავებულია მთელი სახელმწიფო აპარატი აი, ამ პასკვილებით.
თქვენ ვერ დაგიცავთ ეს რეჟიმი, ურთმელიძეს გააკეთებინეს ყველაზე სამარცხვინო საქმე და მერე მოისროლეს. ასე დაემართება ყველა მოსამართლეს, ასე პატივაყრილი, თეთრზე შავით დამწერი მოსამართლე შეუძლებელია, მერე დარჩეთ სასამართლო სისტემაში. მეგობრებო, კარგად დაფიქრდით, ეს არ არის რიგითი საქმე, ეს საქართველოს მომავალს ეხება", - რუსთავი 2-ის ეთერში ამბობს უგულავა.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა, ბესარიონ ალავიძემ და პაატა ქათამაძემ, რომლებიც რუსთავი 2-ის საქმეს კოლეგიაში განიხილავდნენ და შემდგომ საქმე დიდ პალატას გადასცეს, მათ საქმიანობაში უხეშად ჩარევის შესაძლო ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას 14 იანვარს მიმართეს. დღეს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ მოსამართლეებს წერილები და ტექსტური შეტყობინებები ყოფილი ხელისუფლების თანამდებობის პირის სახელით მიუვიდათ. ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია კი ამბობს, რომ მოსამართლეებს საჩივრის შინაარსი ზეწოლით შეაცვლევინეს და სუბიექტად არა მოქმედი, არამედ ყოფილი ხელისუფლება დაასახელებინეს.





