"მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა რუსთავი 2-ის საქმის მოსამართლეების საქმიანობაში შესაძლო ჩარევის ფაქტს ეხმაურება. მისივე თქმით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე ვალდებული იყო, საზოგადოებისთვის ეცნობებინა მოსამართლეებზე ზეწოლასთან დაკავშირებით.
"სიტუაცია მართლაც არის საგანგაშო იმიტომ, რომ, როგორც ჩვენ უკანასკნელი წელიწად-ნახევრის განმავლობაში ვაკვირდებით, დანაშაული ემატება დანაშაულს და სპირალურ ხასიათს იღებს. დაწყებული ნაჯახიდან და ურთმელიძის დედის ისტორიიდან, დღეს უკვე საქართველოს მართლმსაჯულების ისტორიაში აბსოლუტურად უპრეცედენტო შემთხვევასთან გვაქვს საქმე.
საქართველოს ისტორიას არ ახსოვს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს ეთქვა ხმამაღლა, რომ მასზე ზეწოლაა. ბევრი ტვინის ჭყლეტა არ სჭირდება იმას, თუ საიდან შეიძლება, მოდიოდეს ეს ზეწოლა. ამ საქმის ანატომია მარტივია - თუ მოსამართლეებმა 14 იანვარს მიმართეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, თავმჯდომარე ვალდებული იყო საზოგადოებისთვის ეცნობებინა ამ საგანგაშო ფაქტის შესახებ. ის, რომ მან პროკურატურას გადაუგზავნა საქმე, ეგ გამოსავალი არაა. ეს არის საქმის მიჩუმათება და ზეწოლის განმახორციელებელი ორგანოებისთვის დროის მიცემა, რომ მათ ახალი ფალსიფიკაცია შეეთითხნათ საზოგადოებისთვის, რაც ჩვენი რამდენიმე დღის უკან ვიხილეთ.
იმის ნაცვლად, რომ უზენაესის თავმჯდომარე იცავდეს რეპუტაციულად და სამართლებრივად თავის კოლეგებს, ჩვენ მისგან მხოლოდ ფორმალურ გადაწყვეტილებას ვიღებთ - რომ პროკურატურას გაუგზავნა ეს საჩივარი და ორ კვირაში ფალსიფიცირებული საუბრების შემდეგ ვიგებთ, რომ ასეთი გამოძიება მიმდინარეობს. ჩვენ ვართ შესული სპირალში. ამ პირობებში მიღებულ გადაწყვეტილებას უზენაესი სასამართლოს მხრიდან სამართლებრივი და საზოგადოებრივი ლეგიტიმაციის თვალსაზრისით ექნება ლუდხანაში ამორტყმული ჩეკის ფასი", - თქვა უგულავამ.
შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა, ბესარიონ ალავიძემ და პაატა ქათამაძემ, რომლებიც რუსთავი 2-ის საქმეს კოლეგიაში განიხილავდნენ და შემდგომ საქმე დიდ პალატას გადასცეს, მათ საქმიანობაში უხეშად ჩარევის შესაძლო ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას 14 იანვარს მიმართეს. დღეს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ მოსამართლეებს წერილები და ტექსტური შეტყობინებები ყოფილი ხელისუფლების თანამდებობის პირის სახელით მიუვიდათ. ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია კი ამბობს, რომ მოსამართლეებს საჩივრის შინაარსი ზეწოლით შეაცვლევინეს და სუბიექტად არა მოქმედი, არამედ ყოფილი ხელისუფლება დაასახელებინეს.




