ავტოსაგზაო შემთხვევა

შსს: რუსთაველზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი დავაკავეთ

Getty Images

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე 24 იანვარს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი ბრალდებულის სახით 1993 წელს დაბადებული გიორგი ჯ. დააკავეს. შსს-ს ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევისას ახალგაზრდა ქალი, სოფო ბ. გარდაიცვალა და ოთხი ადამიანი დაშავდა.

"გამოძიების ფარგლებში დანიშნული ტრასოლოგიური, ავტოტექნიკური და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზების დასკვნების საფუძველზე დადგინდა, რომ „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა, რომელსაც გიორგი ჯ. მართავდა, საპირისპირო ზოლში გადავიდა და შემხვედრი მიმართულებით მოძრავ "ოპელისა" და "მერსედესის" მარკის ავტომანქანებს შეეჯახა.

საპატრულო პოლიციამ გიორგი ჯ. თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა", - წერია განცხადებაში.

უწყებისვე ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც გამოიწვია ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე დაზიანება (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი, მე-3 და მე-5 ნაწილებით).

კომენტარები