თავისუფლების აქტი

მთავრობა: არ ვაპირებთ გადასახადის შემოღებისთვის რეფერენდუმის გაუქმებას

პრემიერი კვირიკაშვილი და ვიცეპრემიერი ქუმსიშვილი
facebook.com/pg/KvirikashviliOfficial

მთავრობის ადმინისტრაციამ "თავისუფლების აქტთან" დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც მთავრობა არ განიხილავს კონსტიტუციიდან 94-ე მუხლის ამოღების შესაძლებობას, რათა ახალი გადასახადის დაწესებისთვის რეფერენდუმი აღარ იყოს საჭირო. განცხადებაში ნათქვამია, რომ კონსტიტუციის არსებული რედაქცია სრულ თანხვედრაშია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიასთან. ინიციატივა, რომ თავისუფლების აქტი გაუქმდეს, გუშინ ქართული ოცნების წევრმა გია ჟორჟილიანმა წარადგინა.

"გვსურს, გამოვეხმაუროთ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, კონსტიტუციაში, გადასახადებთან დაკავშირებით, რაიმე სახის ცვლილების ინიცირება იგეგმება. საქართველოს მთავრობა არ აპირებს არანაირი ცვლილებების ინიცირებას საქართველოს კონსტიტუციაში, რომელიც უკავშირდება ახალი სახის საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის შემოღებას, ან, არსებული გადასახადის განაკვეთის ზრდისთვის, რეფერენდუმის გაუქმებას.

საქართველოს მთავრობის პოზიციაა, რომ კონსტიტუციით მოქმედი აღნიშნული ნორმები სრულ თანხვედრაშია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიასთან და მის შეცვლას სახელისუფლებო გუნდი არ განიხილავს. ერთადერთი ცვლილება, შესაძლოა, შეეხოს ჩანაწერს საპენსიო შენატანებთან დაკავშირებით, რათა ის არ ჩაითვალოს ახალ გადასახადად", - წერია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის და ეკონომიკური თავისუფლების შესახებ ორგანული კანონის მიხედვით, ახალი საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის შემოღებისთვის ან უკვე არსებული გადასახადების განაკვეთის გაზრდისთვის (გარდა აქციზისა) რეფერენდუმის ჩატარებაა აუცილებელი. ეს საკანონმდებლო ნორმა არის გარანტი, რომ ქვეყანაში მოსახლეობის თანხმობის გარეშე მთავრობა გადასახადებს არ გაზრდის.

ეს კანონი მთავრობას ასევე ავალდებულებს, რომ მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით ვალის ტვირთმა არ გადააჭარბოს 60%-ს; ასევე მთავრობის ხარჯები მთლიან შიდა პროდუქტში არ უნდა აღემატებოდეს 30%-ს, ბიუჯეტის დეფიციტი კი 3%-ზე მეტი არ უნდა იყოს.

2017 წლის ბიუჯეტით მთავრობამ პრაქტიკულად ყველა გადასახადი გაზარდა, რისი ზრდის საშუალებაც მას კანონმდებლობით ჰქონდა. გადასახადების შემცირებისკენ გადადგმული ერთადერთი ნაბიჯი მოგების გადასახადის რეფორმა იყო.

კომენტარები