ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ენმ-ის ფრაქციის რეგისტრაციაზე საპროცედურო კომიტეტმა დადებითი დასკვნა მოამზადა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე საპარლამენტო ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" რეგისტრაციის საკითხი განიხილა და დადებითი დასკვნა მოამზადა.

კომიტეტი მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაცია სრულად შეესაბამება "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის" მოთხოვნებს ახალი ფრაქციის დასარეგისტრირებლად. კომიტეტის მიერ მომზადებული დასკვნა ბიუროს წარედგინება.

საქართველოს პარლამენტის პრესცენტრის ინფორმაციით, ფრაქციის შექმნისა და რეგისტრაციის თხოვნით პარლამენტის თავმჯდომარისადმი მიმართულ განცხადებაში ფრაქციის შემადგენლობა შემდეგი სახითაა წარმოდგენილი:

1. რომან გოცირიძე - ფრაქციის თავმჯდომარე;
2. სალომე სამადაშვილი - ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე;
3. თინათინ ბოკუჩავა - ფრაქციის მდივანი;
4. ნიკანორ მელია - ფრაქციის წევრი;
5. კობა ნაყოფია - ფრაქციის წევრი;
6. აზერ სულეიმანოვი - ფრაქციის წევრი. 

გარდა ამისა, განცხადებას ერთვის ფრაქციის სხდომის ოქმი, ფრაქციის წესდება და პოლიტიკური პლატფორმა. ასევე, ახალ ფრაქციაში შემავალი დეპუტატების განცხადებები საპარლამენტო ფრაქციის "ევროპული საქართველო - უკეთესი მომავლისათვის" წევრობიდან გასვლის თაობაზე.

პარლამენტის პრესცენტრის ინფორმაციითვე, დოკუმენტებს შორის არის, ასევე, ააიპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის პოლიტიკური საბჭოს 2017 წლის 13 იანვრის №1 სხდომის ოქმის ამონაწერი, რომლითაც პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს - დავით ბაქრაძეს, ირაკლი აბესაძეს, სერგო რატიანს, გიორგი კანდელაკს, ლელა ქებურიას, აკაკი ბობოხიძეს, გიორგი ბოკერიას, ირმა ნადირაშვილს, მამუკა ჩიქოვანს, ზურაბ ჭიაბერაშვილს, ლაშა დამენიას, ხათუნა გოგორიშვილს, თენგიზ გუნავას, ზაზა კედელაშვილს, გიორგი წერეთელს და გიორგი ღვინიაშვილს 2017 წლის 12 იანვრიდან შეუწყდათ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრობა“ და, იმავდროულად, პარტიაში დაკავებული თანამდებობები.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიმდინარე წლის 12 იანვარს გაიყო. ოპოზიციური პარტია პოლიტსაბჭოს 27-მა წევრმა და საპარლამენტო დეპუტაციის უმრავლესობამ, 21-მა დეპუტატმა დატოვა. მათ ახალი პარტიის შექმნა დააანონსეს, პარლამენტში კი არსებულ ფრაქციებს სახელი გადაერქვა. ენმ-ში დარჩენილ 6 დეპუტატს ახალი ფრაქციის შექმნა მოუწიათ. 

უთანხმოების მთავარი მიზეზი პარტიის თავმჯდომარის არჩევის საკითხი და ყრილობის ჩატარების წესი გახდა.

ენმ-ში დაპირისპირება საჯარო მას შემდეგ გახდა, რაც მიხეილ სააკაშვილმა პარტიას მოუწოდა, არ მიეღოთ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა და უარი ეთქვათ პარლამენტის მანდატებზე, რასაც ენმ-ის დეპუტატები არ დაემორჩილნენ.

პარტიაში დარჩენილებმა 20 იანვარს ყრილობა გამართეს და ახალი, 100-წევრიანი პოლიტსაბჭო აირჩიეს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობის გადაწყვეტილებითვე, პარტიის წესდებაში ცვლილებები შევიდა. ახალი წესდების თანახმად, ვანო მერაბიშვილი შეინარჩუნებს გენერალური მდივნის თანამდებობას, თუმცა მის მოვალეობებს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია შეასრულებს.

ყრილობაზე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით რეზოლუციაც მიიღეს, რომლის მიხედვითაც, პარტია არ აირჩევს თავმჯდომარეს მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამდე.

გარდა ამისა, ყრილობის გადაწყვეტილებით, პარტიაში უქმდება სამდივნოები და ენმ პროქტების დაფინანსების პრაქტიკაზე გადადის. ეს გულისხმობს იმას, რომ პოლიტსაბჭო გადაწყვეტს, დააფინანსოს თუ არა კონკრეტული პროექტი. ამასთან, პარტიაში არ იარსებებს მუდმივი თანამდებობები.

ყრილობაზე ასევე გადაწყდა, რომ ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიის თითოეულ ათეულში მინიმუმ სამი ქალი იქნება.

კომენტარები