აშშ-გერმანიის ურთიერთობა

დონალდ ტრამპი გერმანელ ავტომწარმოებლებს 35%-იანი ტარიფით დაემუქრა

BMW X5-ის წარმოება აშშ-ში
youtube.com

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გერმანელ ავტომწარმოებლებს იმპორტზე 35%-იანი სატარიფო მოსაკრებლით დაემუქრა. 

გერმანულ Bild-თან მიცემულ ინტერვიუში ტრამპმა BMW, Daimler და Volkswagen გააკრიტიკა. არჩეული პრეზიდენტის თქმით, ამ მწარმოებლებმა გაყიდვების ძველ ნიშნულებზე შენარჩუნებისთვის აშშ-ის ტერიტორიაზე უფრო მეტი ავტომობილის წარმოება უნდა შეძლონ.

"თუ გინდათ, რომ მსოფლიოს გარშემო აწარმოებდეთ ავტომობილებს, მე ამაში წარმატებებს გისურვებთ. შეგიძლიათ ააწყოთ მანქანები აშშ-ისთვის, მაგრამ ყოველი ავტომობილისთვის, რომელიც აშშ-ის მიწაზე შემოვა, თქვენ 35%-იანი ტარიფის გადახდა მოგიწევთ.

მე ვეტყოდი BMW-ს, რომ, თუ თქვენ მექსიკაში აშენებთ ქარხანას და ამ ავტომობილების აშშ-ში გაყიდვას გეგმავთ, დაივიწყეთ, 35%-იანი ტარიფის გარეშე ამას ვერ შეძლებთ", - ამბობს ტრამპი.

ტრამპის ამ განცხადებიდან მალევე გერმანელმა მწარმოებლებმა აქციების გაუფასურების გამო €4.5 მილიარდზე მეტი დაკარგეს.

ტრამპი მსოფლიოს უმსხვილეს ავტომწარმოებელს - Toyota-საც დაემუქრა, მისი კრიტიკის მთავარი საგანი აშშ-ის ბაზრისთვის განკუთვნილი პროდუქციის მექსიკაში წარმოებაა. 

Toyota აშშ-ის ბაზრისთვის განკუთვნილი ავტომობილების, განსაკუთრებით კი თავისი ბესტსელერის - Corolla-ს წარმოების დაწყებას მექსიკაში გეგმავდა.

BMW-ს აღმასრულებელი დირექტორის პიტერ შვარზენბაუერის თქმით, კომპანია მექსიკაში დაახლოებით $1-მილიარდიანი ინვესტიციით ქარხანას აშენებს, რომელიც დაახლოებით 1.5 ათას ადამიანს დაასაქმებს.

გერმანელმა ავტომწარმოებლებმა ტრამპის განცხადებიდან მალევე საპასუხო განცხადება გაავრცელეს, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის ტერიტორიაზე ბოლო 7 წლის მანძილზე მათ საკუთარი წარმოება გააორმაგეს და ახლა წელიწადში 850 ათას ავტომობილს აშშ-ში უშვებენ, სადაც 33 ათასი დასაქმებულიც ჰყავთ.

BMW ამჟამად აშშ-ისთვის განკუთვნილ X3, X4, X5 და X6 მოდელებს აშშ-ში აწყობს. 

ტრამპს ტარიფის ზრდა კონგრესის გარეშეც შეუძლია

აშშ-ის კანონმდებლობა ქვეყნის პრეზიდენტს 15%-მდე ტარიფების კონგრესის გარეშე დამტკიცების უფლებას აძლევს, ამ ტარიფების მოქმედების ვადა მაქსიმუმ 150 დღე შეიძლება გრძელდებოდეს.

გერმანიის ეკონომიკის მინისტრის სიგმარ გაბრიელის თქმით, დონალდ ტრამპმა, გერმანელი მწარმოებლის კრიტიკის ნაცვლად, უმჯობესია, ამერიკელ მწარმოებლებთან დაიწყოს მოლაპარაკება, რათა მათ მომხმარებელთათვის უფრო სასურველი ავტომობილების წარმოება დაიწყონ.

კომენტარები