ჩემი აზრით, იმ რამდენიმე კაცის საარჩევნო სიიდან გამოწვევა იყო პირველი არსებითი შეცდომა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“, ასე ვთქვათ, არამიშას ფრთას მოუვიდა (შეიძლება სხვა შეცდომებიც იყო, მაგრამ უფრო ტაქტიკური ხასიათის). ცხადია, პარტიის პოლიტსაბჭოს ბოიკოტი ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა ყრილობის ორგანიზება, პარტიის როგორც ინსტიტუტის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია. ის კითხვის ქვეშ აყენებს ყრილობის ლეგიტიმურობას იმ პირობებში, როდესაც ფაქტობრივად არ არსებობს გარე არბიტრი, რომელიც ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცედურულ საკითხებზე მხარეებს შეარიგებდა (გასაგებია, რომ „ბიძინას სასამართლოსთვის“ ამ კონკრეტული საკითხის მინდობა რბილად რომ ვთვათ, პოლიტიკურად პრობლემურია). პარტიისთვის მიყენებული ზიანი სერიოზულია.
მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სიიდან ამოღება ადექვატური პასუხია. ამომრჩეველმა ხმა მისცა იმ სიას, რასაც მისცა. იქნებ მისმა ნაწილმა დათო კირკიტაძის ან სხვა ამოღებული წევრების ხათრით შემოხაზა 5-იანი? არავითარი მნიშვნელობა არა აქვს იმას, ასეთი ხალხი ბევრია თუ ცოტა, პრინციპია მთავარი. არჩევნების შემდეგ სია აღარ უნდა შეიცვალოს (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ვიღაც გარდაიცვლება ან თავისი ნებით გავა).
არც ისაა ლეგიტიმური არგუმენტი, რომ ამ ხალხს მაინც პარლამენტის ბოიკოტი უნდოდა. თუ უნდოდა, ეს პირადი ან ჯგუფური გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო, და არა პარტიის. სასჯელის სახით ამ ზომის გამოყენება არასწორია.