ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის ელენე ხოშტარის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით თანაგუნდელების შეურაცხყოფა და დემოკრატიული პროცესების უგულებელყოფა პარტიის დაშლის შესაძლებლობას აღრმავებს. მისი თქმით, ენმ-ის ნაწილმა დემოკრატიულ პროცედურებზე უარის თქმა გადაწყვიტა.
"სამწუხაროდ, იმ გუნდმა, რომელსაც დღეს მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობს, იმ კამპანიის გარდა, რომელსაც ისინი აწარმოებენ ჩვენ წინააღმდეგ - თითქოს ვართ გარიგებულები და გვაყენებენ შეურაცხყოფას, ახლა გადაწყვიტეს, რომ იურიდიულ, დემოკრატიულ პროცედურებზეც უარი თქვან, ფაქტობრივად გვერდი აუარონ პოლიტსაბჭოს, რომელიც განსაზღვრულია მთავარი გადაწყვეტილების მიმღებად. გამოაცხადეს რაღაც კომისია, რომელშიც თვითნებურად იღებენ გადაწყვეტილებებს. ამ ზღვრამდე ამ პროცესის მიყვანა ნამდვილად ძალიან სერიოზულ საფრთხეს უქმნის პარტიის ერთიანობას. იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი კოლეგები და, პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილი გაიაზრებენ თუ რამხელა ზიანს აყენებენ არა მხოლოდ პარტიას, არამედ ქვეყანას და დაბრუნდებიან ცივილიზებულ, დემოკრატიულ ჩარჩოში განსხვავებული აზრების განხილვის დროს", - ამბობს ხოშტარია და აღნიშნავს, რომ პრობლემა არა განსხვავებული აზრი, არამედ წესების უგულებელყოფა და თანაგუნდელების შეურაცხყოფაა. მისივე თქმით, ეს პროცესი ზიანს აყენებს არა მხოლოდ პარტიას, არამედ მთელ ქვეყანას.
"არ არის საუბარი იმაზე, რომ განსხვავებული აზრია პრობლემა. შეიძლება, განსხვავებული აზრი გვქონდეს თავმჯდომარის არჩევასა და სხვა საკითხებზე. წესების უგულებელყოფა და თანაგუნდელების შეურაცხყოფა არის პროცესი, რომელიც ზიანს აყენებს მთლიანად ქვეყანას. პროცესების ასე განვითარება, როდესაც, სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით ხდება თანაგუნდელების ტყუილში დადანაშაულება და შეურაცხყოფა, როდესაც უგულებელყოფა ხდება პარტიაში ანუ პოლიტსაბჭოში დემოკრატიული პროცესების, რა თქმა უნდა, ეს რეალურად ამწვავებს ამ კონფლიქტს ძალიან სერიოზულად და აღრმავებს დაშლის შესაძლებლობას", - თქვა დეპუტატმა.
გუშინ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. პოლიტსაბჭოს სხდომის გასამართად საბჭოს მინიმუმ 30 წევრის დასწრება იყო საჭირო.
იქამდე, პოლიტსაბჭოს 27-მა წევრმა, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებად მოიაზრებიან, გაავრცელა განცხადება, რომ სხდომას არ დაესწრებოდნენ.





