იუსტიციის სამინისტრო

სამი კვირის მანძილზე, ID ბარათები უფასოდ გაიცემა, პასპორტები - ნახევარ ფასად

15 დეკემბრიდან 9 იანვრის ჩათვლით პირადობის მოწმობები უფასოდ გაიცემა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი კი, 100 ლარის ნაცვლად 50 ლარი ეღირება. ამასთან, აქციის ფარგლებში, დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები გათავისუფლდებიან ფოტოსურათის საფასურისგან.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, აქციით სარგებლობა შეეძლებათ პირებს 18 წლის ასაკიდან და მათ, ვისაც 2017 წლის 2 ნოემბრამდე უსრულდება 18 წელი. 

"ვინაიდან, საქართველო უკვე ელოდება ევროკავშირისგან უვიზო მიმოსვლაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას, აუცილებელია, საქართველოს ყველა მოქალაქემ კიდევ ერთხელ წინასწარ გაიაზროს ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობა და ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი, ტურიზმისა და განვითარების მიზნების გარდა, საკუთარი თავისა და ქვეყნის ღირსეულად წარმოჩენისათვის გამოიყენოს. ლეგალური ჩასვლა ევროკავშირის ქვეყნებში და დათქმულ დროში უკან დაბრუნება უნდა გახდეს ჩვენი წესი, რისთვისაც ბიომეტრიული პასპორტი აუცილებელია", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

აქციით სარგებლობისთვის მოქალაქეებმა უნდა მიმართონ იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს.

იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, დღეის მდგომარეობით, საქართველოს 2 368 346-ზე მეტი მოქალაქე პირადობის ელექტრონულ მოწმობას ფლობს, ხოლო დამატებით 341 373 მოქალაქე - საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტს.

კომენტარები