ნავთობის ფასი

ნავთობის ფასი გასული 17 თვის მაქსიმუმამდე გაიზარდა

Reuters

გლობალურ ბაზრებზე დღევანდელ ვაჭრობაზე ბარელი ნედლი ნავთობის (Brent crude) ფასმა უკვე $57-ს გადააჭარბა, ეს გასული 17 თვის მანძილზე ნავთობის ყველაზე მაღალი ფასია. ფასების ზრდა საუდის არაბეთის გადაწყვეტილებას უკავშირდება, ქვეყანა წინასწარ გაცხადებულზე უფრო მეტად არის მზად, ნავთობის მოპოვება შეამციროს. დღევანდელ ვაჭრობაზე ფასები 6.6%-ით გაიზარდა.

მოპოვების შემცირების შესახებ ნავთობექსპორტიორი ქვეყნების გაერთიანების (OPEC), 30 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ საფონდო ბირჟებზე ნავთობის ფასები თითქმის 20%-ით გაიზარდა. 

ხალიდ ალ-ფალიჰმა რუსეთის ენერგეტიკის მინისტრ ალექსანდრ ნოვაკთან ერთად შაბათს განაცხადა, რომ ორი ქვეყანა ნავთობის "ფასების სტაბილიზაციისთვის" მუშაობს. გაცხადებული გეგმის მიხედვით, ქვეყნები მოპოვებას ერთობლივად შეამცირებენ.

OPEC-ის წვერი სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ საშუალოვადიან პერიოდში ყოველდღიურ მოპოვებას 32.5-33 მილიონ ბარელამდე შეამცირებდნენ. დღეის მდგომარეობით ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოები დღეში 33.6 მილიონ ბარელ ნედლ ნავთობს მოიპოვებენ. ფასების ზრდას იწვევს OPEC-ის არაწევრი ქვეყნების გადაწყვეტილებაც (რუსეთი, მექსიკა), რომლებიც მოპოვების შემცირებას უერთდებიან.

საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრი ხალიდ ალ-ფალიჰი ამბობს, რომ გასული ორი წლის მანძილზე ბარელ ნედლ ნავთობზე ფასის $114-დან $28-მდე შემცირებამ სექტორის მიმზიდველობა შეამცირა, რასაც ინვესტიციების ვარდნა მოჰყვა, ფასების სტაბილურობის შემთხვევაში კი ინვესტიციების მოცულობაც გაიზრდება. ხალიდ ალ-ფალიჰის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ დარგში ახალი ინვესტიციები არ ჩაიდო, 20-25 წლის პერიოდში მსოფლიოში ნავთობის დეფიციტი დაიწყება. 

ნავთობის ფასების ვარდნა 2014 წლის ბოლოდან დაიწყო, მისი მიზეზი კი მოპოვების ზრდის შესახებ OPEC-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გახდა. მას შემდეგ ბარელზე $110-დან 2016 წლის დასაწყისში ფასები ბარელზე $27-მდე ჩამოვიდა. ნავთობის ფასის ვარდნის კიდევ ერთი მიზეზი ირანისთვის დაწესებული სანქციების მოხსნა იყო, რის შედეგადაც ირანი ექსპორტის ძველ ნიშნულს უბრუნდება.

კომენტარები