რუსთავი 2-ის საქმე

კვირიკაშვილი რ2-ზე: სასამართლოს გადაწყვეტილებაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ მაქვს

გიორგი კვირიკაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუსთავი 2-ის საქმეში ხელისუფლების როლს კიდევ ერთხელ კატეგორიულად გამორიცხავს. საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ელენე ხოშტარიამ პრემიერს შეახსენა, რომ მმართველი გუნდი თავს არიდებს პასუხისმგებლობას და რუსთავი 2-ის საქმეზე საუბრისას ისმის "პოსტსაბჭოთა საუკეთესო ტრადიციების" პასუხი, რომ ამ საკითხში ვერ ჩაერევიან. ხოშტარიამ საერთაშორისო შეშფოთებებზეც გაამახვილა ყურადღება.

პრემიერის თქმით, "ვერ გავიზიარებ ვერცერთ არგუმენტს. რა თქმა უნდა, მე პასუხისმგებლობას ვგრძნობ ყველაფერზე, რაც ქვეყანაში ხდება და არავითარ შემთხვევაში არ მაქვს ხელი დაბანილი ამ საკითხთან მიმართებით. რაც შეეხება იმას, რომ ეს არის ბრძოლა კომპანიის წინააღმდეგ, ვერაფრით ვერ გავიზიარებ ამ არგუმენტს.

საერთაშორისო შეშფოთებას რაც შეეხება, მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო საერთაშორისო მაღალი რეპუტაციის მქონე ინსტიტუციების მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგებს მედიის თავისუფლებასთან მიმართებით, ესაა მსოფლიო ბანკის მმართველობის ინდიკატორები, ესაა ჟურნალისტები საზღვრების გარეშე და სხვა ორგანიზაციების ინდიკატორი, სადაც ნახტომისებური გაუმჯობესება გვაქვს ბოლო წლების განმავლობაში მედიის თავისუფლების კუთხით. რაც შეეხება კონკრეტულად ამ ტელევიზიას, ჩემი დამოკიდებულება არაერთხელ დავაფიქსირე, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობა, მიუხედავად იმისა, ეს მოსწონს ვინმეს, თუ არ მოსწონს, ეს არის დემოკრატიის ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელი ქვეყანაში. ნამდვილად გულწრფელი ვარ, როცა ამას ვსაუბრობ".

პრემიერმინისტრი ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ აქვს.

"რაც შეეხება ქონებრივ ელემენტს, ნამდვილად არ ვიცნობ დეტალებს ვინ როდის ვის წაართვა ეს ტელევიზია. ერთი ის ვიცი, რომ ბევრჯერ მოხდა ეს გასული წლების განმავლობაში. არანაირი საფუძველი არ მაქვს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაში ეჭვი შევიტანო. არ ვიცი, რა ზეწოლაზე საუბრობთ, მაგრამ ეს თქვენი მოსაზრებაა. ჩემი მოსაზრებაა, რომ სასამართლო დღეს აბსოლუტურად დამოუკიდებელია ამ საკითხის გადაწყვეტაში", - თქვა პრემიერმა.

ელენე ხოშტარიამ კი პრემიერმინისტრს მოუწოდა, სერიოზული პასუხები გასცეს - "როდესაც ამერიკა გეუბნება, რომ მედიისა და მართლმსაჯულების პრობლემაა, ცოტა სერიოზული პასუხები უნდა გასცეთ ამაზე". პრემიერმინისტრმა კი უთხრა, რომ "ეს თქვენი მოსაზრებაა. როცა დემოკრატიის მსხვრევაზე საუბრობთ, არაფერი ასეთი არ ხდება. ეს თქვენი მოსაზრებაა. საერთაშორისო პარტნიორების პოზიცია ასეთია, რომ ელოდებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას."

კომენტარები