რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის თქმით, დღეს უზენაეს სასამართლოში საქართველოს დემოკრატიის ბედი გადაწყდება. გვარამია ამბობს, რომ მოსამართლეებზე "გადის საქართველოს განვითარების ისტორიული ხაზი". მან საზოგადოებას 2 საათზე უზენაეს სასამართლოსთან შეკრებისკენ მოუწოდა.
"წყდება ქვეყნის ბედი - იქნება რუსული მოდელის ოლიგარქია თუ იქნება სუსტი, მაგრამ დემოკრატია. იქნება არადემოკრატიული აწმყო მხოლოდ, თუ დემოკრატიის პერსპექტივა. ამ გადაწყვეტილებას იღებს პერსონალურად ეს სამი მოსამართლე. ამ სამ ადამიანზე გადის საქართველოს განვითარების ისტორიული ხაზი. უზენაესი სასამართლოს სამ მოსამართლეზე, რომლებიც თვითონ აგებენ პასუხს ისტორიის სამსჯავროს წინაშე. ისინი ნებისმიერ შემთხვევაში შევლენ ისტორიაში, მაგრამ თვითონ უნდა აირჩიონ, როგორ შევლენ ისტორიაში. მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ გააცნობიეროს, ხელისუფლებამ, რომელიც მართავს პროცესებს, დღეს წყდება მისი ბედიც", - თქვა დღეს გამართულ ბრიფინგზე გვარამიამ და აღნიშნა, რომ რუსთავი 2 არ შეიცვლის სარედაქციო პოლიტიკას და კრიტიკულ ტელევიზიად დარჩება.
უზენაესი სასამართლო რუსთავი 2-ის საჩივრის განხილვას დღეს, 21 ნოემბერს იწყებს. ტელეკომპანიის იურისტების შუამდგომლობის მიუხედავად, განხილვას მხარეები არ დაესწრებიან. სასამართლო საქმეს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს.
პარალელურად, 14:00-ზე, უზენაეს სასამართლოსთან რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციას გამართავს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. ისინი სასამართლოს მოუწოდებენ, მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად ქვედა ინსტანციაში დააბრუნოს.
საქმეს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლეები ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი და პაატა ქათამაძე განიხილავენ. რუსთავი 2 ასაჩივრებს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებებს, რომელთა მიხედვითაც ტელეკომპანია რუსთავი 2-ის 100% ქიბარ ხალვაშსა და მის კომპანია "პანორამას" მიეკუთვნა.





