ნავთობის ფასი

საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრი ნავთობის ფასების ზრდას აანონსებს

საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრი ხალიდ ალ-ფალიჰი
REUTERS

საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა ხალიდ ალ-ფალიჰმა მსხვილ ნავთობკომპანიებთან გამართულ შეხვედრაზე დააანონსა, რომ წლის ბოლოსთვის ნავთობის ფასებს ზრდის ტენდენცია ექნებათ. 

ნავთობექსპორტიორი ქვეყნების გაერთიანება (OPEC) ნავთობის მოპოვებაზე ჭერის დაწესებას გეგმავს, ამის შესახებ ორგანიზაციის 14 წევრი ქვეყანა 30 ნოემბერს დაგეგმილ მინისტერიალზე იმსჯელებს. 

OPEC-ის წვერი სახელმწიფოები 30 სექტემბერს შეთანხმდნენ, რომ საშუალოვადიან პერიოდში ყოველდღიურ მოპოვებას 32.5-33 მილიონ ბარელამდე შეამცირებდნენ. დღეის მდგომარეობით ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოები დღეში 33.6 მილიონ ბარელ ნედლ ნავთობს მოიპოვებენ. 

OPEC-ის ლიდერს, საუდის არაბეთსა და რუსეთს შორის "ბაზარზე ფასების სტაბილიზაციისთვის" მოლაპარაკებები უკვე მესამე თვეა გრძელდება. OPEC-ს ხელმძღვანელობასა და რუსეთის ენერგეტიკის მინისტრს ალექსანდრ ნოვაკს შორის შემდეგი შეხვედრა 24 ოქტომბერსაა დაგეგმილი. 

საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრი ხალიდ ალ-ფალიჰი ამბობს, რომ გასული ორი წლის მანძილზე ბარელ ნედლ ნავთობზე ფასის $114-დან $28-მდე შემცირებამ სექტორის მიმზიდველობა შეამცირა, რასაც ინვესტიციების ვარდნა მოჰყვა, ფასების სტაბილურობის შემთხვევაში კი ინვესტიციების მოცულობაც გაიზრდება. ხალიდ ალ-ფალიჰის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ დარგში ახალი ინვესტიციები არ ჩაიდო, 20-25 წლის პერიოდში მსოფლიოში ნავთობის დეფიციტი დაიწყება. 

ნავთობის ფასების ვარდნა 2014 წლის ბოლოდან დაიწყო, მისი მიზეზი კი მოპოვების ზრდის შესახებ OPEC-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გახდა. მას შემდეგ ბარელზე $110-დან 2016 წლის დასაწყისში ფასები ბარელზე $27-მდე ჩამოვიდა. ნავთობის ფასის ვარდნის კიდევ ერთი მიზეზი ირანისთვის დაწესებული სანქციების მოხსნა იყო, რის შედეგადაც ირანი ექსპორტის ძველ ნიშნულს უბრუნდება.

დღეისთვის ერთი ბარელი ნედლი ნავთობის (WTI) ღირებულება $52-ს შეადგენს, აგვისტოს დასაწყისში კი მისი ღირებულება $40-42 იყო.

კომენტარები