ბიუჯეტი 2017

ხადური ბიუჯეტის დეფიციტზე: არა, ეკონომიკური თავისუფლების კანონს არ დავარღვევთ

ტაბულა

2017 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტით, მთავრობა ბიუჯეტის დეფიციტის ზრდას გეგმავს. ბიუჯეტის თანდართულ "მაკროეკონომიკური რისკების ანალიზში" წერია, რომ მომავალი წლისთვის დეფიციტი 3%-ს გადააჭარბებს, ეს კი დარღვევას წარმოადგენს, რადგანაც "ეკონომიკური თავისუფლების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი 3%-ზე მეტს არ უნდა შეადგენდეს. ტაბულას კითხვაზე, დაარღვევს თუ არა მთავრობა "ეკონომიკური თავისუფლების შესახებ" ორგანულ კანონს, ნოდარ ხადური ამბობს, რომ ყველაფერი კანონმდებლობის ფარგლებში გაკეთდება.

"ვნახოთ, დეფიციტი 3%-ზე მეტი იქნება თუ არა. არა, კანონებს არ დავარღვევთ. დეფიციტთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა და კონსულტაციები, ასე რომ, ყველაფერი, რაც გაკეთდება, გაკეთდება კანონმდებლობის ფარგლებში", - ამბობს ხადური.

ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტს ბიუჯეტის განახლებული პროექტი 5 ნეომბრისთვის უნდა გადაუგზავნოს. ნოდარ ხადური ამბობს, რომ მეორე მოსმენისთვის პარლამენტში თვისობრივად განსხვავებული ბიუჯეტი შევა. ხადურის თქმით, ცვლილება შეეხება მრავალ მიმართულებას, მათ შორის მაკროეკონომიკურ პროგნოზებსაც (ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია, მშპ-ის ზომა და სხვა). პირველი წარდგენით შესულ ბიუჯეტში 4%-იანი ზრდის გეგმაა ჩადებული, ფინანსთა მინისტრის თქმით, ბიუჯეტის განხლებული პროექტის შექმნაზე სავალუტო ფონდის პროგნოზიც მოახდენს გავლენას. საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) საქართველოსთვის მომავალ წელს 5.2%-იან ზრდას პროგნოზირებს.

"ძალიან ბევრი რამ შეიცვლება ბიუჯეტში, მათ შორის შეიცვლება მაკროეკონომიკური პროგნოზები. თქვენ იცით, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გაზარდა ჩვენი ზრდის პროგნოზი, ჩვენ ვმუშაობთ მათთან ერთად. ახალი მთავრობა და ახალი პარლამენტი დაამტკიცებს იმ ბიუჯეტს, რომელიც თვისობრივად იქნება განსხვავებული", - ამბობს ხადური.

2017 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობის ხარჯები 10.5 მილიარდი ლარი იქნება, რაც წლევანდელ ბიუჯეტს 410 მილიონი ლარით აღემატება. ქვეყანაში მოქმედი 19 სამინისტროდან ექვსის ბიუჯეტი იზრდება.

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მთავრობა საგადასახადო შემოსავლების გეგმას 190 მილიონი ლარით ზრდის, ამასთანავე, იღებს დამატებით 300-მილიონიან შიდა ვალს, რაც წლევანდელ მაჩვენებელს 100 მილიონი ლარით აღემატება. 

კომენტარები