საქართველო-უკრაინის ურთიერთობა

ენმ: უკრაინის რეზოლუციაზე კენჭისყრაში შვეიცარიის დელეგაციაც მონაწილეობდა

გიორგი კანდელაკი
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოუწოდებს ქართულ ოცნებას განმარტოს რატომ არ დაუჭირა მხარი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის მხარდასაჭერად მიღებულ ორ რეზოლუციას. პარტიის ინფორმაციით, რეზოლუციას მხარი დაუჭირეს შვეიცარიის დელეგაციის წევრებმა, რომლებსაც, ქართული ოცნების მტკიცებით, კენჭისყრის დროს ხვდებოდნენ ქართველი დეპუტატები.

"რეზოლუციას საქართველოს დელეგაციამ ასამბლეაში არ დაუჭირა მხარი იმის მომიზეზებით, რომ თითქოს ისინი შვეიცარიის დელეგაციასთან მართავდნენ შეხვედრას. გარდა იმისა, რომ ნებისმიერი ასეთი შეხვედრა იქნებოდა არასაპატიო მიზეზი, რადგან შეხვედრის დრო ასეთი მნიშვნელოვანი კენჭისყრისას შეიძლება შეიცვალოს, კენჭისყრის შედეგებიდან გაირკვა, რომ ამ ორივე რეზოლუციისთვის შვეიცარიის დელეგაციას ხმა აქვს მიცემული. ამრიგად, ქართული ოცნების დელეგაცია და ქართული ოცნება კიდევ ერთხელ იქნა მხილებული საქართველოსთვის ძალიან საზიანო მორიგ, უტიფარ ტყუილში", - ამბობს ენმ-ის წევრი გიორგი კანდელაკი.

ენმ-ის განცხადებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციის ქცევა არის არა მხოლოდ სამარცხვინო, არამედ პირდაპირ ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. პარტიაში ამბობენ, რომ "ისევე როგორც სხვა პრინციპულ შემთხვევებში, საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა მოიქცა როგორც ოკუპანტი სახელმწიფოს სატელიტი".

საქართველოს დელეგაციამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) გამართულ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციების კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. ქართული ოცნების წევრების განმარტებით, კენჭისყრის დროს ქართველი დეპუტატები შვეიცარიის დელეგაციის წევრებს ხვდებოდნენ. 

ვროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინასთან დაკავშირებით 12 ოქტომბერს 2 რეზოლუცია მიიღო. პირველი რეზოლუცია "უკრაინაში კონფლიქტის პოლიტიკურ შედეგებს" (Doc. 14130), მეორე კი,"უკრაინის ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად უკრაინულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევების სამართლებრივ საშუალებებს" (Doc. 14139) ეხება.

კომენტარები