საკონსტიტუციო სასამართლო

დღეს, 14:00-ზე, საკონსტიტუციოს პლენუმი ახალი თავმჯდომარის არჩევაზე იმსჯელებს

საკონსტიტუციო სასამართლო
რადიო თავისუფლება

საკონსტიტუციო სასამართლოს განახლებული პლენუმი დღეს სხვა თემებთან ერთად, ახალი თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებულ საკითხებზეც იმსჯელებს. სხდომა 14:00-ზე გაიმართება.

"პლენუმის სხდომაზე განიხილება საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტში ცვლილებების პროექტი, საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესახებ საფინანსო სამსახურის ანგარიში და სასამართლოს თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებული საკითხები", - აცხადებს საკონსტიტუციო სასამართლო.

ამასთან, პლენუმი სასამართლოს თავმჯდომარეს 20 ოქტომბერს აირჩევს. საკონსტიტუციო სასამართლოს ცნობით, პლენუმის სხდომა 20 ოქტომბერს, 16:00-ზეა ჩანიშნული.

კანონის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს სულ ცოტა 3 წევრს. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და მისი მოადგილეები არჩეულად ჩაითვლებიან, თუ ფარული კენჭისყრის დროს თითოეულ მათგანს მხარს დაუჭერს საკონსტიტიციო სასამართლოს არანაკლებ 5 წევრი.

ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს 8 მოსამართლე ჰყავს, რადგან პარლამენტის კვოტით დასანიშნი მოსამართლე ახალი მოწვევის პარლამენტმა უნდა აირჩიოს. იმ შემთხვევაში, თუკი 8 მოსამართლის ხმა თანაბრად გადანაწილდება, თავმჯდომარის მოვალეობას პლენუმის მეცხრე წევრის არჩევამდე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა თავაძე შეასრულებს. გიორგი პაპუაშვილს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება 30 სექტემბერს შეუწყდა.

კომენტარები