კრიმინალი

საქართველოს ბანკის და ლიბერთი ბანკის ფილიალების დაყაჩაღებისთვის ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1973 წელს დაბადებული ლ.გ. და 1974 წელს დაბადებული შ.ლ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 17 სექტემბერს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებული, ნიღბიანი პირები თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში მდებარე სავაჭრო ცენტრ „სმარტში" განთავსებულ „საქართველოს ბანკისა" და „ლიბერთი ბანკის" ფილიალებს თავს დაესხნენ და დიდი ოდენობით ფული გაიტაცეს. შემდეგ სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქე ი.ბ.-ს იარაღის მუქარით ავტომანქანა „ჰონდა ფიტი" გასტაცეს და მიიმალნენ.

"სამართალდამცველებმა მომხდარიდან მეორე დღეს შ.ლ. - მარნეულის რაიონის სოფელ შაუმიანში დააკავეს, ხოლო ლ.გ. - საქართველო-სომხეთის სასაზღვრო გამტარ პუნქტ „სადახლოში". გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ლ.გ. ადრე ჩადენილ სხვა დანაშაულშიც არის მხილებული. პოლიციამ გატაცებული ავტომანქანა და ბანკებიდან წაღებული თანხის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო", - აცხადებს შსს.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).

კომენტარები