არჩევნები 2016

კობახიძე: ენმ-ის აქტივისტებმა ჩვენი კანდიდატის შტაბში პროვოკაცია მოაწყვეს

ქართული ოცნება

ქართული ოცნება ნაციონალურ მოძრაობას ადანაშაულებს. პარტიის აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის მტკიცებით, გუშინ, გამთენიისას, ოპოზიციური პარტიის აქტივისტებმა ლევან გოგიჩაიშვილის საარჩევნო შტაბში პროვოკაცია მოაწყვეს.

"ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატის ლევან გოგიჩაიშვილის ოფისში პარტიის სამი აქტივისტი შევიდა. ორ აქტივისტს, რომლებიც სევდია უგრეხელიძის შტაბის აქტივისტები არიან, ეცვა ქართული ოცნების მაისური, ასევე ორივეს ჰქონდა ქამარში ჩადებული პისტოლეტები. ისინი შევიდნენ ოფისში, დაიწყეს საუბარი ჩვენს აქტივისტებთან. როგორც შემდგომში გაირკვა, აღნიშნული პროვოკაციის მიზანი იყო გარედან ფაქტის გადაღება და შემდეგ ტელევიზიის საშუალებით იმის ჩვენება, თითქოს ქართული ოცნების შტაბებში იკრიბებიან შეიარაღებული და კრიმინალური მიდრეკილების მქონე ადამიანები. ფაქტია, რომ ნაციონალური მოძრაობა ვერ ცვლის თავისი მოქმედების სტილს, ისინი ძლიერები არიან ბინძური პროვოკაციების მოფიქრებაში, თუმცა აშკარაა, რომ მათ ამ პროვოკაციების აღსრულების რესურსი რეალურად არ აქვთ”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ ადგილზე სამართალდამცველები გამოიძახეს.

"მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს აქტივისტებს, რომლებმაც სათანადო რეაგირება მოახდინეს ამ პროვოკაციაზე და დაუკავშირდნენ სამართალდამცავ ორგანოებს, რის საშუალებითაც, პროვოკაცია დროულად აღიკვეთა. გაერკვნენ პოლიციელები ვითარებაში, მოხდა პირთა იდენტიფიცირება, მათ შორის პარტიული კუთვნილების დადგენა - ერთ-ერთ მათგანს ჰქონდა პარტიული ბილეთი, რომელიც გაცემულია ნაციონალური მოძრაობის მიერ, 2016 წელს. აღნიშნულ პირებს იარაღი გაფორმებული ჰქონდათ, თუმცა ჩვენ ვსაუბრობთ ბინძურ პროვოკაციაზე. მათ ეცვათ მაისურები და ჩანდა იარაღი, პირდაპირ ქამარში ჰქონდათ გარჭობილი, ანუ აშკარად იკვეთებოდა, რომ მათ ამ იარაღის დემონსტრირება უნდოდათ ხაზგასმით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ ქართული ოცნების ამოცანაა - არცერთი პროვოკაცია არ შედგეს.

„ჩვენ რაც გვაქვს ინფორმაცია დაგეგმილ პროვოკაციებთან დაკავშირებით, იქ უფრო მძიმე ნიშნებს ატარებს ეს ყველაფერი. კიდევ ერთხელ, ჩვენ ამოცანად გვაქვს, რომ აღვკვეთოთ ასეთი პროვოკაციები, პრევენცია მოვახდინოთ. დეტალებს შეგნებულად არ ვაკონკრეტებთ, ჩვენ ვმუშაობთ პრევენციაზე, ჯერჯერობით სრულად ვახერხებთ ამ ყველაფერს და ასე გვინდა გავაგრძელოთ. ჩვენი ამოცანაა, რომ არცერთი პროვოკაცია არ შედგეს“, - ამბობს პარტიის აღმასრულებელი მდივანი.

აღსანიშნავია, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ქართული ოცნების ბრალდებებს სიცრუეს უწოდებს. სერგო რატიანის თქმით, "ოთხი წლის განმავლობაში, ქართული ოცნება დიდ ქართულ ტყუილად ჩამოყალიბდა".

კომენტარები