რუსთავი 2-ის საქმე

უზენაესი R2-ის საჩივრის დასაშვებობაზე გადაწყვეტილებას დღეს, 19:00-ზე გამოაცხადებს

უზენაესი სასამართლო რუსთავი ორის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე გადაწყვეტილებას დღეს, 19:00-ზე გამოაცხადებს. ამის შესახებ რუსთავი ორის საქმის განმხილველი პალატის მოსამართლეებმა ბესარიონ ალავიძემ, ეკატერინე გასიტაშვილმა და პაატა ქათამაძემ განცხადება გაავრცელეს. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უზენაესი სასამართლოს საიტზე აიტვირთება.

ამასთან, მოსამართლეები უარყოფენ მათზე ზეწოლის ფაქტს, რაზეც რუსთავი ორის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გუშინდელ ბრიფინგზე ისაუბრა.

უკვე ხუთი დღეა, უზენაესი სასამართლო რუსთავი 2-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს განიხილავს. განხილვა ზეპირი მოსმენის და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მიმდინარეობს. 

რუსთავი 2-ის ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივარი 13 ივლისს შეიტანეს. ადვოკატების განცხადებით, საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით განსაზღვრულ ყველა კრიტერიუმს, რომელთაგან ერთ-ერთის არსებობაც საკმარისია საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისთვის.

კომენტარები