11-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, თურქეთის სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდის ეკიპაჟმა შავ ზღვაში წვრთნის დროს დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების ძებნის ოპერაციის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, თურქული მხარის განმარტებით, ძებნის ოპერაციის გაგრძელება ამ ეტაპზე შედეგს ვეღარ გამოიღებს, რადგან მათი მხრიდან ყველანაირი რესურსი იქნა გამოყენებული, იმ რთული გარემო პირობების გათვალისწინებით, რომელშიც მათ უწევდათ მუშაობა. "650-ტონიანი თურქული ხომალდი, 41-კაციანი ეკიპაჟით და ბოლო თაობის სპეციალური ტექნიკური აღჭურვილობით ძებნა-გადარჩენის ოპერაციაში 20 აგვისტოს, თურქულ მხარესთან თავდაცვის მინისტრის მოლაპარაკების შემდეგ ჩაერთო. აღნიშნულ ხომალდს მსოფლიოში სულ რამდენიმე ანალოგი აქვს და ყველაზე მძლავრია მსგავს სიტუაციებში ძებნის განსახორციელებლად", - ნათქვამია განცხადებაში.
16 აგვისტოს გონიოს ყოფილი სასროლეთის ტერიტორიაზე, შავ ზღვაში მიმდინარე წვრთნის დროს, ორი სამხედრო მოსამსახურე კაპრალი იაგო შარაძე და I კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილი დაიკარგნენ.
გამოძიებას მთავარი პროკურატურა აწარმოებს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უწყება დაკარგულების ოჯახებს კანონმდებლობის შესაბამისად დაეხმარება.
აღსანიშნავია, რომ უვადო შიმშილობა დაიწყო დაკარგული სამხედროს, იაგო შარაძის დედამ. ოჯახის წევრები შესაბამის უწყებებს მოუწოდებენ, დაკარგულების ძებნა განაგრძონ.





