საკონსტიტუციო სასამართლო

ტურავა: საკონსტიტუციოს მიმართ უნდობლობას პაპუაშვილის განცხადებამ დაუდო სათავე

constcourt.ge

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მერაბ ტურავას შეფასებით, „პოლიტიკური კონტექსტის მქონე საქმეებს სასამართლო განსხვავებულად უდგება". ტურავა პრაიმტამთან საუბარში ამბობს, რომ სასამართლომ რუსთავი 2-ის, გიგი უგულავასა და ე.წ. კაბელების საქმეები დაჩქარებული წესით ჩანიშნა და გადასცა განსახილველად. მას ისიც უკვირს, რატომ იყრიდა „პოლიტიკური კონტექსტის მქონე საქმეები" თავს ყოველთვის პირველ კოლეგიაში, სადაც თავადაც არის. მერაბ ტურავამ ხაზი გაუსვა, რომ პირველ კოლეგიაში მის გარდა არის ის სამი მოსამართლეც, რომელსაც გიორგი პაპუაშვილისთვის გაგზავნილ განცხადებაზე ხელი არ მოუწერია. ტურავა აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტის მხარე ყოველთვის ითხოვდა პირველი კოლეგიის აცილებას, თუმცა, „ასეთი საქმეები, რატომღაც, ავტომატურ რეჟიმში მაინც პირველ კოლეგიაში ხვდებოდა". მისი თქმით, პარლამენტი ეჭვქვეშ აყენებდა პოლიტიკური კონტექსტის საქმეებზე ამ კოლეგიის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას.

მერაბ ტურავას განცხადებით, 5 მოსამართლის მიმართვაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ე.წ კაბელების საქმეზე „სარჩელების გამოცვლის ფაქტიც" არის მითითებული. მისივე მტკიცებით, ახლახან, სარჩელების თვალიერების დროს აღმოაჩინა, რომ რუსთავი 2-ის და ტელეკომპანია საქართველოს სარჩელებიც შეცვალეს.

„კანონის დარღვევაა. როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში შემოდის სარჩელი, ის სარჩელი უნდა აკმაყოფილებდეს კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას. იმ შემთხვევაში, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში პარასკევს შემოტანილი სარჩელი შაბათ-კვირას იცვლება და ორშაბათს გამწესრიგებელ სხდომაზე ხდება მისი განსახილველად მიღება, ეს, რა თქმა უნდა, გარკვეულ ეჭვებს აღძრავს. შეიძლება, ეს თავმჯდომარეს გაეკეთებინა, შეიძლებოდა, მოსამართლეს გაეკეთებინა, შეიძლებოდა კანცელარიის თანამშრომელს, მაგრამ ყველაფერი ეს, უპირველეს ყოვლისა, მოითხოვდა მცოდნე ადამიანის ინფორმაციას, მოსარჩელის მიმართ. მოსარჩელისთვის ვიღაცას უნდა ეთქვა, რომ შენი შემოტანილი სარჩელი არ აკმაყოფილებს დასაშვებობის კრიტერიუმებს, ამიტომ, თქვენ სასწრაფოდ უნდა გამოცვალოთ ის. მართლაც, ჩემს ხელში აღმოჩნდა პარასკევს ერთი, შაბათს, არასამუშაო დღეს, მეორე სარჩელი. ამ სარჩელებს შორის სხვაობა 3 გვერდია და სწორედ ბოლო სამი გვერდია, რომელიც ამ სარჩელს სარჩელის სახეს აძლევს" - ამბობს ტურავა მაესტროს ფაქტორში.

მერაბ ტურავას თქმითვე, „ჩვენ, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, ყოველთვის ვცდილობდით იმას, რომ პოლიტიკისგან, ტელევიზიებისგან, მასმედიისგან დამოუკიდებლად მიგვეღო გადაწყვეტილებები, მაგრამ იმ ვითარებაში, როდესაც განსაკუთრებით ძლიერდება შენზე თავდასხმა და როდესაც შენ გამოყავხარ ეჭვმიტანილი, (საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით, სასამართლო არის ეჭვმიტანილი იმაში, რომ მოსამართლეები, ერთი, ორი თუ რამდენიმე, არის ზეწოლის ქვეშ და ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში მიიღება, არსებობს შეგრძნება, რომ იქნება ზეწოლის შედეგად მიღებული), ასეთ შემთხვევაში, როდესაც განსაკუთრებულად იზრდება და ძლიერდება საკონსტიტუციო სასამართლოსადმი ზეწოლა, ასეთ ვითარებაში, ნებისმიერი მოსამართლის მოვალეობაა, დაიცვას საკონსტიტუციო სასამართლო, დაიცვას მისი ღირსება".

მერაბ ტურავას ინფორმაციითვე, საკონსტიტუციო სასამართლოს არც ერთი მოსამართლე არ ადასტურებს, რომ მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა.

„ასეთ ვითარებაში, როგორ გინდა, რომ 9-კაციანი შემადგენლობა დაჯდეს და მიიღოს გადაწყვეტილება. ჩვენ რომ ვთქვით, დაველოდებით პროკურატურის დასკვნას, არ ნიშნავს იმას, რომ წლები, კვირები და თვეები უნდა ველოდოთ გადაწყვეტილებას. ერთადერთი მტკიცებულება ამ შემთხვევაში მოსამართლეთა გამოკითხვის შედეგებია. როცა ყველა მოსამართლე ამბობს, რომ მის მიმართ ზეწოლა არ ხორციელდებოდა, უნდა ადგეს პროკურატურა და თქვას, რომ ეს ფაქტი არ დადასტურდა. ზოგადი ინფორმაცია მაინც გვინდა იმასთან დაკავშირებით, ვის მიმართ, ვის მიერ, რა მეთოდებითა და საშუალებებით ხორციელდებოდა ზეწოლა" - ამბობს ტურავა.

კითხვაზე, რამდენად სანდო იქნება საზოგადოებისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები დაპირისპირების ამ რეჟიმში, ტურავა პასუხობს, რომ „უნდობლობის მომენტები, ალბათ, იქნება, ვინაიდან აქამდე არ ხდებოდა მსგავსი თემების გასაჯაროება. თუმცა ამ დაუდო სათავე და ჩვენ შევეცადეთ, ეს გაგვექარწყლებინა".

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა ცალკეულ მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ 21 ივლისს ისაუბრა.

კომენტარები