2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ორი ცვლილება მოხდა, რომლებმაც, შესაძლოა, არჩევნების შედეგებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, საარჩევნო ოლქების საზღვრები შეიცვალა, ხოლო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს გამარჯვებისთვის უკვე 50%-იანი ბარიერის დაძლევა მოუწევთ.
მიუხედავად პრეზიდენტის, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის და სამოქალაქო სექტორის კონსენსუსისა, ხელისუფლებამ 2016 წლის არჩევნებისთვის სხვა ცვლილებების მიღება - პირველ რიგში, არჩევნების მაჟორიტარული კომპონენტის გაუქმება, არ ისურვა.
მაჟორიტარული ოლქების საზღვრების ცვლილება და მისი თანხმლები კრიტიკა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ფორმირების წესი, რადგან ის არღვევდა ხმის თანასწორობის პრინციპს. ხელისუფლებას მოუწოდეს ოლქებს შორის ამომრჩეველთა უთანაბრობას მინიმუმამდე დაეყვანა.
ოლქების საზღვრების ცვლილება დადებით მოვლენად შეფასდა- იქამდე მოქმედი სისტემით, პარლამენტში ერთ მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევდა ყაზბეგის დაახლოებით 5-ათასკაციანი ოლქი და გლდანის100-ათასზე მეტ ამომრჩევლიანი ოლქიც.
თუმცა, ოლქების ახალი საზღვრების ფორმირების პროცესს კრიტიკა მოჰყვა. კრიტიკოსები ამბობენ, რომ ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში ცვლილებები ხელისუფლების სასარგებლოდ, მოკლევადიანი საარჩევნო მიზნების მისაღწევად გაკეთდა.
CRRC საქართველოს კვლევის მიხედვით, იმ პირობებში, თუ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები დღეს მოქმედი სისტემით ჩატარდებოდა, მაჟორიტარულ ოლქებში ქართული ოცნება 41 მანდატის ნაცვლად 50 მანდატს მიიღებდა. შესაბამისად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მანდატების რაოდენობა 32-დან 23-მდე შემცირდებოდა.

ფოტო: CRRC / CRRC
ოპოზიციური პარტიებიც მიუთითებდნენ, რომ ოლქების ფორმირების ახალი წესი საარჩევნო გეოგრაფიის ბოროტად გამოყენების, ე.წ. ”ჯერიმანდერინგის” შემთხვევასაც წარმოადგენს. მათი აზრით, ხელისუფლებამ შეგნებულად აირჩია ოლქების საზღვრების ფორმირების ისეთი პრინციპი, რომლითაც მაქსიმალურ სარგებელს თვითონ მიიღებდა.
ასეთ მაგალითად მოყვანილია ვანი და ხონი:
ცვლილებების შედეგად, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტები ერთ მაჟორიტარულ ოლქად გაერთიანდა. ისინი ერთმანეთს არ ესაზღვრებიან. მთავრობის თავდაპირველი გეგმის მიხედვით, სამტრედიის ოლქის ნაწილებად დაყოფა და მათი მოსაზღვრე ოლქებისთვის, ვანისა და ხონისთვის გადანაწილება იგეგმებოდა. შედეგად ოლქებში მოსახლეობის რაოდენობა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დაწესებულ მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა. თუმცა ოლქებში ხმების გათანაბრების სხვა გზას მიმართეს.
ხონში, ბოლო 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებისას, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გამგებლობის კანდიდატმა - ზურაბ ჯიბუხაიამ მიიღო ხმების 42.02%, ხოლო სახელისუფლებო კანიდატმა მიიღო მხოლოდ 4 %-ით მეტი (46.73%). ამ დროს ვანში, იმავე არჩევნებზე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა მიიიღო 13.99%.
ენმ მიუთითებდა, რომ 2014 წლის შედეგებზე დაყრდნობით, გაერთიანებულ ოლქში მმართველი პარტია მიიღებდა ხმების 50,76 პროცენტს და სწორედ ამიტომ გააერთიანეს ვანისა და ხონის ოლქები
სხვა მაგალითებს შორის, ასევე მოყვანილია ყვარელიც:
საარჩევნო კოდექსის შესაბამისად ყვარლის ოლქი საერთოდ გაუქმებულ იქნა და მისი ნაწილი ლაგოდეხის ოლქს მიუერთდა, ხოლო მეორე ნაწილი თელავისას.
ყვარლის ოლქში, ბოლო თვითმმართველობის არჩევნებისას (გამგებლის არჩევნები) სახელისუფლებო კანდიდატის მიერ მიღებული ხმები თითქმის უტოლდება ოპოზიციური პარტიების მიერ მიღებულ ხმებს (48.68%-44.37% - ყვარლის იმ ნაწილში, რომელიც მიუერთდა ლაგოდეხს).
„აღნიშნული შედეგების გათვალისწინებით და იმის გააზრებით, რომ ყვარელში ხელისუფლება ვერ გაიმარჯვებდა სახელისუფლებო გუნდმა ყვარლის ოლქი საერთოდ გააუქმა და ლაგოდეხსა და თელავს მიუერთა.“ - ამბობდა ენმ, რომელიც სხვა მაგალითებსაც გამოყოფდა - მათ შორის, თბილისში.
NDI-ის წინასაარჩევნო დელეგაცია 2016 წლის ივნისის ანგარიშში მიუთითებდა, რომ ადგილობრივმა აქტორებმა გამოხატეს შეშფოთება საზღვრების ცვლილების პროცესის ზოგიერთი ასპექტის გამჭვირვალობასთან, მიუკერძოებლობასთან და ამ პროცესში დაინტერესებული მხარეების ჩართულობასთან დაკავშირებით.
ამოცანა გადანაწილებული იყო პარლამენტსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შორის.
„გამოითქვა ეჭვი იმის შესახებ, რომ პარლამენტის მიერ საზღვრების ცვლილების პროცესი ჩატარდა პარტიული უპირატესობის მოპოვების მიზნით, წინა არჩევნების შედეგებზე დაყრდნობით. მსგავსი უკმაყოფილება ცესკოს მიერ დაყოფილ ოლქებთან დაკაშირებით არ გამოთქმულა,“ - ნათქვამია ანგარიშში.
50%-იანი ბარიერი
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს, 30%-ის ნაცვლად, 50%-იანი ბარიერის დაძლევა მოუწევთ. თუ ვერც ერთი კანდიდატი 50%-იან ბარიერს ვერ გადალახავს, მეორე ტური ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის მონაწილეობით ჩატარდება. ასე პარლამენტის 150 წევრიდან, 73 დეპუტატს აირჩევენ.
დაპირებისა და უამრავი მოწინააღმდეგის მიუხედავად, ხელისუფლებამ არჩევნების მაჟორიტარული კომპონენტი 2016 წლისთვის არ გააუქმა. მათ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებისკენ პოლიტიკურმა პარტიებმა, ადგილობრივმა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებმა არაერთხელ მოუწოდეს.
პრეზიდენტის, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის აზრით, საარჩევნო სისტემის მაჟორიტარული ნაწილი უნდა გაუქმებულიყო და პარლამენტი მხოლოდ პროპორციული სისტემით არჩეული დეპუტატებისგან დაკომპლექტებულიყო, რაც ასევე სამხარეო პროპორციულ ელემენტს გულისხმობდა.
ყველა კრიტიკოსი მიუთითებდა, რომ არსებული საარჩევნო სისტემა ვერ უზრუნველყოფს ამომრჩეველთა ხმების პროპორციულად ასახვას მანდატებში. ისინი მიუთითებენ, რომ დომინანტ პარტიას მაჟორიტარული კომპონენტის გამო შესაძლებლობა აქვს, მოიპოვოს გაცილებით მეტი მანდატი, ვიდრე პროპორციულ არჩევნებში მისი რეალური მხარდაჭერაა.
მაჟორიტარული სისტემის მომხრეები, მის დადებით მხარედ მაჟორიტარი დეპუტატის მოსახლეობასთან მჭიდრო კავშირს ასახელებენ, თუმცა, NDI-ს 2016 წელს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 69 პროცენტმა საერთოდ არ იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში.
მმართველი გუნდი პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარებას 2020 წლისთვის დებს.




