პოლიტიკური პარტიების ფინანსურ მონიტორინგს სახელმწიფო აუდიტის სამსახური ეწევა, რომლის ანგარიშებიც მის ვებ-გვერდზე ქვეყნდება. პერიოდულად საჯარო ხდება პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პერიოდის სამკვირიანი დეკლარაციები.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ასევე აამოქმედა პორტალი, რომელიც პოლიტიკური პარტიების შემოწირულებებს აქვეყნებს. აქ საძიებო სისტემა გაცილებით მარტივია და მომხმარებელზე მორგებული. გვერდზე თავმოყრილია ინფორმაცია 2012 წლიდან პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ შემოწირულებების შესახებ. ასევე აქ შესაძლებელია დამატებითი ინფორმაციის მოძიება პოლიტიკური პარტიების შემომწირველების ბიზნესინტერესების შესახებ.
როგორ ფინანსდებიან პოლიტიკური პარტიები?
პოლიტიკური პარტიები ძირითად დაფინანსებას საწევრო შენატანებიდან, შემოწირულებებიდან და სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებენ. დამატებითი დაფინანსების წყარო ასევე შეიძლება იყოს საჯარო ღონისძიებები და საგამომცემლო საქმიანობა, თუ შემოსავლის რაოდენობა მინიმალური საბაზო დაფინანსების ორმაგ ოდენობას არ აღემატება.
აკრძალულია შემოწირულობების მიღება:
- სხვა ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მოძრაობებისაგან საჯარო ღონისძიებების მოწყობის გარდა;
- სახელმწიფო და საჯარო ინსტიტუტებისგან (გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა)
- არასამეწარმეო იურიდიული პირისაგან და რელიგიური ორგანიზაციისაგან, ლექციების, სემინარებისა და სხვა მსგავსი საჯარო ღონისძიებების მოწყობის გარდა;
- მოქალაქეობის არმქონე პირისაგან;
- ანონიმური ფორმით.
დაფინანსების რაოდენობა:
საწევრო შენატანის წლიური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1 200 ლარს. რაც შეეხება შემოწირულებებს, ფიზიკური პირისგან შემოწირულებების წლიური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 60 000 ლარს, ხოლო იურიდიული პირისაგან - 120 000 ლარს.




