თბილისის საკრებულო

კახიძე: თედო კობახიძის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებზე გამოძიება უნდა დაიწყოს

თეორემა/ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თბილისის საკრებულოს წევრ თედო კობახიძის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ენმ-ის წევრმა, ოთარ კახიძემ თქვა, თედო კობახიძეს საადვოკატო საქმიანობის უფლება არ აქვს, თუმცა, შემოვლითი გზით ამ საქმიანობას დის გავლენის გამოყენებით, მაინც ეწევა.

"მინდა გამოვეხმაურო პარლამენტის ვიცესპიკერ მანანა კობახიძის ძმის, თედო კობახიძის ირგვლივ არსებულ სკანდალს. იმის ნაცვლად, რომ ამ 4 წლის განმავლობაში ქართულ ოცნებას მოქალაქეების დასაქმებასა და სიღარიბის დაძლევაზე ეზრუნა, მათ ერთადერთი მიზანს ბიუჯეტის რესურსების მოხვეჭა  წარმოადგენს. დაამკვიდრეს აქამდე გაუგონარი პრაქტიკა - ახლობლების, ნათესავებისა და მეგობრების დასაქმება სამსახურებში და შემდგომ მათი ხელფასების წილებში ჩაჯდომა.

ეს არის აბსოლუტურად გაუგონარი რამ, ამან ტენდენციური ხასიათი მიიღო და კარგია, რომ ჩვენ ამას 8 ოქტომბერს დავასრულებთ. მინდა დავამატო ისიც, რომ ცალკე შემაშფოთებელია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის ძმა იყენებს საკუთარ ზეგავლენას იმისთვის, რომ სხვადასხვა პირებს გაუფორმდეთ საპროცესო შეთანხმება და ამაში იღებს თანხას", - ამბობს კახიძე.

როგორც ოთარ კახიძე ამბობს, თუ პროკურატურა ჩართულია ამ სქემაში, "ობიექტური გამოძიების იმედი ვერ გვექნება".

"თუკი პროკურატურა თავად არის ჩართული ამ სქემაში, ექვემდებარება პოლიტიკურ ზეგავლენას და პოლიტიკოსებთან გარიგებაში აფორმებს საპროცესო შეთანხმებებს, ჩვენ ობიექტური გამოძიების იმედი ვერ გვექნება. 47 დღე დარჩა იქამდე, როცა საქართველოს მოქალაქეები წერტილს დაუსვამენ ხელფასების წილებში ჩაჯდომას და ჩვენ ერთად წავიყვანთ საქართველოს წინ. თუკი შოთაძე და კობახიძე ერთად აგვარებენ ამ საქმეებს, რისი იმედი უნდა გვქონდეს არ ვიცი. მანანა კობახიძის ძმა რომ ამას აკეთებს, წარმოიდგინეთ, რას აკეთედბენ მინისტრები და ის ადამიანები, ვისაც მანანა კობახიძეზე მეტი პოლიტიკური წონა აქვს", - ამბობს კახიძე.

აღსანიშნავია, რომ მანანა კობახიძის ძმას და თბილისის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარეს - თედო კობახიძეს ყოფილი თანამშრომელი ფულის გამოძალვაში, ეგრეთ წოდებული ატკატების აღებაში ადანაშაულებს. რუსთავი 2-თან საუბარში საკრებულოს ყოფილი თანამშრომელი ბადრი ჯავახიშვილი ამბობს, რომ თედო კობახიძე ყოველთვიურად მისი ხელფასის 35%-ს იღებდა. 

თედო კობახიძის კლასელი ბადრი ჯავახიშვილი ჰყვება, რომ კობახიძემ მას პარტია ქართულ ოცნებაში მუშაობა ადგილობრივი არჩევნების წინ დააწყებინა და პირველივე ხელფასის აღების შემდეგ, გასამრჯელოდან წილი მოსთხოვა. ჯავახიშვილი ამტკიცებს, რომ ყველა ის პირი, ვინც პარტიაში თედო კობახიძემ დაასაქმა, ვალდებული იყო მისთვის ხელფასის ნაწილი მიეცა. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ჯავახიშვილი კობახიძემ საკრებულოს აპარატში მოაწყო, რის შემდეგაც კობახიძე ჯავახიშვილს მის საბანკო ანგარიშზე ფულის ყოველთვიურ გადარიცხვებს კვლავ სთხოვდა.

 

კომენტარები