ISFED-ის ცნობით, რამდენიმე ოლქში, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი წევრების ე.წ. წინასწარი სიები არსებობდა და ამ სიებში, ძირითადად, ქართული ოცნების აქტივისტების ოჯახის წევრები და ახლობლები იყვნენ შეყვანილები.
"სამართლიანი არჩევნებისთვის" ცნობილი გახდა, რამდენიმე ოლქში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის მიმდინარეობის ხარვეზების შესახებ. კერძოდ, ორგანიზაციის დამკვირვებლებმა სხვადასხვა წყაროდან შეიტყვეს ზოგიერთ საარჩევნო ოლქში საუბნო კომისიის შესარჩევი წევრების სავარაუდო წინასწარი სიების არსებობის შესახებ, რომლითაც საოლქო კომისიის წევრებს უნდა ეხელმძღვანელათ. ოპოზიციის წარმომადგენლების ინფორმაციით, ამ სიებში ძირითადად "ქართული ოცნების" აქტივისტების ოჯახის წევრები და ახლობლები არიან.
"სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლებს მსგავსი სიები ხელთ ქობულეთის, სამტრედიისა და სენაკის ოლქებში ჩაუვარდათ. საოლქო კომისიის მიერ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების აღნიშნულ სიებთან შედარების შედეგად დადგინდა, რომ ქობულეთის საარჩევნო ოლქში შერჩეული საუბნო კომისიის წევრები თითქმის სრულად დაემთხვა სიას, სამტრედიის ოლქში კი, საუბნო საარჩევნო კომისიის 300 არჩეული წევრიდან 256 აღმოჩნდა ე.წ. წინასწარ სიაში. აღსანიშნავია, რომ სენაკში საუბნო კომისიების დაკომპლექტების მიზნით საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა ჯერ არ გამართულა.
გარდა ამისა, გორში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევისას საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები, ძირითადად, ხმას აძლევდნენ წევრობის რიგით პირველ 6 კანდიდატს. მსგავსი პრაქტიკა საოლქო საარჩევნო კომისიებში გასულ წლებშიც იყო, რაც აჩენდა ეჭვებს, რომ სასურველი კანდიდატები რიგითობით სხვა კანდიდატებზე წინ იყვნენ დაყენებული", - ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაცია მოუწოდებს ცესკო-ს და მასზე დაქვემდებარებულ საოლქო საარჩევნო კომისიებს, მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა არჩევის პროცესს, რათა იგი წარიმართოს გამჭვირვალედ და დარღვევების გარეშე.
"მნიშვნელოვანია, საარჩევნო ადმინისტრაციამ არ დაუშვას საკუთარ საქმიანობაში გარე პირთა ჩარევა და საუბნო კომისიების დაკომპლექტების პროცესი პოლიტიკური გავლენებისგან დამოუკიდებლად წარმართოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, საფრთხე შეექმნას საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ნდობას, რაც მნიშვნელოვნად დააზიანებს საარჩევნო პროცესს", - წერია განცხადებაში.





