ნარკოპოლიტიკა

სამტრედიის პოლიციასთან დემურ სტურუას საქმის დროულ გამოძიებას მოითხოვენ

ტაბულა

სამტრედიის პოლიციის განყოფილებასთან ამ წუთებში სოფელ დაფნარში 22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით აქციას მართავენ. გარდაცვლილი დატოვებულ წერილში თვითმკვლელობის მიზეზად პოლიციის მხრიდან ზეწოლაზე მიუთითებდა. აქცია "თეთრი ხმაურის მოძრაობის" მიერაა ორგანიზებული.

შეკრებილები საქმის სწრაფ, ეფექტურ გამოძიებას და დამნაშავის უმკაცრესად დასჯას მოითხოვენ. ადგილზე იმყოფებიან დემურ სტურუას ახლობლებიც.

აქციაზე შეკამათება მოხდა პარტია "გირჩის" წარმომადგენლებსა და მონაწილეებს შორის. შეკრებილები ზურაბ ჯაფარიძის გამოჩენაზე გაღიზიანდნენ. აქციის მონაწილეების თქმით, სწორედ "გირჩის" წევრების ხელისუფლებაში ყოფნისას ჩამოყალიბდა მსგავსი მანკიერი სისტემა. ჯაფარიძეს აქცია დაატოვებინეს.


ფოტო: ტაბულა

დღეს დილით, "თეთრი ხმაურის მოძრაობამ" აქცია გამართა თბილისშიც, მთავრობის კანცელარიასთან, რომელში მონაწილეობაც "რესპუბლიკელმა" დეპუტატებმაც მიიღეს.

"თეთრი ხმაურის მოძრაობამ" პრემიერმინისტრის სახელზე მიმართვაც გაგზავნა. მათი 4 ძირითადი მოთხოვნაა - პასუხისგებაში მიეცეს პოლიციელი გოდერძი თევზაძე; თანამდებობა დატოვოს სამტრედიის რაიონული პოლიციის უფროსმა; შინაგან საქმეთა სამინისტრომ შექმნას მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც თბილისსა და რეგიონებში, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებისა და შანტაჟის პრაქტიკას შეისწავლის და დაუყოვნებლივ გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შესაცვლელად.

როგორც დემურ სტურუა 12 აგვისტოს გავრცელებულ წერილში წერდა, პოლიციელი გოდერძი თევზაძე მისგან მოითხოვდა, მიეწოდებინა ინფორმაცია, თუ ვის ჰქონდა დათესილი მარიხუანა სამტრედიის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში: დაფნარში, კულაშსა და საჯავახოში. სტურუა წერს, რომ პოლიციელმა ის სოფელ იანეთში წაიყვანა, სცემა და დაემუქრა, რომ ისეთ დანაშაულს დააბრალებდა, რომელიც მას არ ჩაუდენია.

პოლიციელმა გოდერძი თევზაძემ გამოძიების დასრულებამდე თანამდებობა დატოვა. სტურუას ნათესავები მის დაკავებას მოითხოვენ. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები