თავდაცვა

თავდაცვის სამინისტრო ჯარისკაცის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

Facebook.com

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ რიგითი მ. ჭ. გარდაიცვალა, რის გამოც უწყება მწუხარებას გამოთქვამს. სამინისტროს ცნობით, ჯარისკაცი საყარაულო განაწესის გეგმური შეცვლისას უგონო მდგომარეობაში ნახეს, საავადმყოფოში მიყვანისას კი ის გარდაიცვალა.

"ექიმების განცხადებით, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო. ჩატარებული ექსპერტიზის პირველადი მონაცემებით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი ტვინში არატრავმული სისხლჩაქცევა გახდა. გარეგნული დათვალიერებით, სხეულს ფიზიკური დაზიანების კვალი არ აღენიშნებოდა", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გამოძიება დაწყებულია სსკ 116-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. საქმეს იძიებს საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რიგითი სავალდებულო სამხედრო სამსახურში მიმდინარე წლის ივნისის თვეში გაიწვიეს და სავალდებულო სამსახურს საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის შენახვის ბაზაზე გადიოდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაკრძალვის ხარჯებს სრულად დაფარავს.

 

კომენტარები