პრეზიდენტის ადმინისტრაცია

აბაშიშვილი: გასაკვირია, რომ ენმ საერთოდ იხსენებს 26 მაისის სისხლიან ღამეს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, "სირცხვილია, რომ ადამიანს დააბრალო მკვლელობა, რომელიც მას არ ჩაუდენია". აბაშიშვილი ივა ჩიღვინაძის საქართველოს პრეზიდენტის კონსულტანტად დანიშვნაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელთა განცხადებებს გამოეხმაურა. 

"ამავდროულად, ძალიან გასაკვირი და დამაფიქრებელია, როდესაც ნაციონალური მოძრაობა საერთოდ იხსენებს იმ სისხლიან ღამეს, როდესაც მოხდა ადამიანების მიზანმიმართული დარბევა და დაფიქსირდა ადამიანთა გარდაცვალების შემთხვევები", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

ცნობისთვის, ე.წ. პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული ივანე ჩიღვინაძე საქართველოს პრეზიდენტმა კონსულტანტად დანიშნა. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის თქმით, "მისი უშუალო საქმე იქნება სწორედ ის, რომ ყველა ადამიანი, ვინც მონაწილეობას იღებდა წინააღმდეგობით მოძრაობაში სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ და იყო პოლიტიკურად დევნილი, სრულად აღდგეს საკუთარ უფლებებში".

ივანე ჩიღვინაძე ნინო ბურჯანაძის პარტიის ერთ-ერთი მსხვილი შემომწირველი იყო. ის 2011 წლის 26 მაისს დააპატიმრეს. გამოძიების განცხადებით, ჩიღვინაძე ნინო ბურჯანაძის ესკორტის ერთ-ერთ მანქანას მართავდა. ბურჯანაძის ექსკორტის ავტომობილები მაშინ რამდენიმე ადამიანს შეეჯახა. ცხრა პოლიციელი დაშავდა, ხოლო ერთი - გარდაიცვალა. საქმეზე ბრალი შვიდ პირს წარუდგინეს. 

სასამართლოს ინფორმაციით, ივანე ჩიღვინაძე 26 მაისის აქციის დაშლის დაწყებისას, სხვა პირებთან ერთად, ჩაჯდა მისსავე სახელზე რეგისტრირებულ თეთრი ფერის ტოიოტა-ლენდკრუიზერის მარკის (სახელმწიფო ნომრით QSQ808) ავტომანქანაში და მეტროსადგურ თავისუფლების მოედნის მიმართულებით მაღალი სიჩქარით გაემართა, რა დროსაც დაეჯახა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ტერიტორიული მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეს გიორგი დათიაშვილს. ამის შემდეგ, ჩიღვინაძე მიიმალა, დათიაშვილი კი – ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. სასამართლოსა და პროკურატურის ცნობით, ჩიღვინაძემ ბრალი აღიარა.

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ივანე ჩიღვინაძის მიერ აღიარების და გამოძიებასთან თანამშრომლობის შედეგად, მასთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება.

2011 წლის 25 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაამტკიცა მხარეებს შორის გაფორმებული საპროცესო შეთანხმება და ივანე ჩიღვინაძეს სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, საიდანაც 4 წელს მსჯავრდებული სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხდიდა, ხოლო 4 წელი ჩაეთვალა პირობითად, 5 წლის გამოსაცდელი ვადით. ასევე ჩიღვინაძეს სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვა მისი მართვის ქვეშ მყოფი თეთრი ფერის ტოიოტა-ლენდკრუიზერის მარკის ავტომანქანა. რაც შეეხება გარდაცვლილ პოლიციელ ვლადიმერ მანსურაშვილს, მას, გამოძიების ცნობით, ნინო ბურჯანაძის ექსკორტის კიდევ ერთი წევრი ალექსანდრე ბიბილური დაეჯახა. თუმცა, ივანე ჩიღვინაძე აღიარებით ჩვენებაში ამბობს, რომ სწორედ მან დააკარგვინა წონასწორობა პოლიციელს.

"გამოვედი აქციიდან, თეთრი ტოიოტას ჯიპით, დავინახე ესკორტი და ჩავუდექი სადღაც შუაში. მომიტინგეთა და სპეცრაზმის რაოდენობა ძალიან დიდი იყო. ამ დროს გავკარი სარკე და დავაკარგინე წონასწორობა ამ პიროვნებას, რომელსაც შემდგომ, უკანა მანქანამ გადაუარა", - ამბობს ჩიღვინაძე.

ივანე ჩიღვინაძე და ალექსანდრე ბიბილური 2013 წელს პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლეს.

აღსანიშნავია, რომ 2014 წლის მარტში ჩიღვინაძე პოლიციას კიდევ ერთხელ ჰყავდა დაკავებული, იარაღის უკანონო ტარებისთვის.

 

კომენტარები