თაღლითობა

შსს-მ თაღლითობის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 1968 წელს დაბადებული მაია ბ. და 1980 წელს დაბადებული ნანა შ., თაღლითობის ბრალდებით, ზუგდიდში დააკავეს. უწყების ცნობით, ორივე ბრალდებული აღიარებს დანაშაულს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით მოატყუეს ერთ-ერთი დევნილი პირი, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში გავლენიანი ნაცნობები ჰყავდათ, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი იყო მისთვის საცხოვრებელი ფართის მიღება. ბინის სანაცვლოდ, ბრალდებულებმა დევნილ პირს მოსთხოვეს და თაღლითურად გამოართვეს 2000 აშშ დოლარი.

სამართალდამცველებმა მაია ბ. და ნანა შ. თანხის მიღებიდან რამდენიმე წუთში, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ, მაია ბ.-ს პირადი ჩხრეკისას, 2000 აშშ დოლარი ნივთმტკიცებად ამოიღო", - წერია შსს-ს განცხადებაში.

უწყებისვე ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობის ფაქტს გულისხმობს.

კომენტარები