საკონსტიტუციო სასამართლო

პაპუაშვილი: პროკურატურას რომ ვაწვდით ინფორმაციას, უკუშედეგს ვიღებთ

ტაბულა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი დღეს პრეზიდენტს შეხვდა. უმაღლესი თანამდებობის პირებთან პირისპირი საუბრის სურვილი მოსამართლეებზე ზეწოლასთან დაკავშირებით პაპუაშვილმა 21 ივლისს გამოთქვა. პრეზიდენტი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით თავად დაინტერესდა, პრემიერს კი პაპუაშვილი დაუკავშირდა. გიორგი კვირიკაშვილი დაჰპირდა, რომ წინასაარჩევნო კამპანიიდან როდესაც მოიცლის, მაშინ შეხვდება. 

გიორგი პაპუაშვილი სამართალდამცველი უწყებების არასათანადო რეაგირების გამო უკმაყოფილოა. მისი თქმით, "სერიოზულ ინსტიტუციასთან" დაკავშირებულ საგანგაშო ფაქტებზე რეაგირების მოსახდენად მთავარი პროკურორი არ დაკავშირებია და, უბრალოდ, ბათუმის პროკურატურამ გაუგზავნა მოსაწვევი.

"თქვენ გახსოვთ, პირდაპირ ეთერში რამდენიმე ფაქტზე გადაცემული ინფორმაცია, რომელზედაც არავითარი რეაგირება არ მოხდა. ასე რომ, რა თქმა უნდა, იმის იმედი, რომ ადეკვატური რეაგირება იქნება, არ არსებობს. სწორედ ეს მინდა, რომ პოლიტიკურმა ხელძღვანელობამ გაიზიაროს და ერთად მოვიფიქროთ, როგორ შეიძლება, ადეკვატური რეაგირება მოხდეს და თითოეულ ჩვენგანს გარანტია ჰქონდეს იმისა, რომ კი არ გაუარესდება მდგომარეობა, არამედ პირიქით, მოხდება შესაბამისი რეაგირება და სასამართლოს მიეცემა საშუალება, ნორმალურ, წყნარ ვითარებაში გააგრძელოს თავისი საქმიანობა.

ამის შემდგომ უკვე შეგვიძლია მოვიფიქოთ, მთავარ პროკურორთან როგორ შეიძლება შეხვედრა და არა ის, რომ ბათუმის პროკურატურამ გამომიგზავნა მოსაწვევი, მობრძანდითო. არავითარი მთავარი პროკურორი მე არ დამკავშირებია. ბათუმის თუ აჭარის პრკურატურიდან მოვიდა ოფიციალური წერილი, რომ მთხოვენ მიბრძანებას და სერიოზულად თუ შევხედავთ, სერიოზულ ინსტიტუციებზეა საუბარი და მგონი, ყველამ უნდა გაიზიაროს ის პასუხისმგებლობა, რაც დაკავშირებულია ამ ინსტიტუციის ნორმალურ ფუნქციონირებასთან.

არსად მისვლას არ ვაპირებ. შევხვდები, თუ იმის საჭიროება იქნება, რომ მივაწოდო ინფორმაცია მთავარ პროკურორს, თუ ვნახავ, რომ აქვს მზადყოფნა. და არა როგორც ადრე, როდესაც არანაირი რეაგირება არ იყო და მას შემდეგ უფრო გაძლიერდა ზეწოლები. ინფორმაციას რომ ვაწვდით, უკუშედეგს ვიღებთ და უკუშედეგი რომ არ იყოს, გვინდა, რომ სწორედ პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამაც აიღოს გარკვეული პასუხისმგებლობა ამ პროცესებზე და მოგვეცეს შესაძლებლობა, ნორმალურ ვითარებაში წარვმართოთ პროცესები", - თქვა გიორგი პაპუაშვილმა.

 

 

იხილეთ სტატია პრეზიდენტის ოჯახის წევრის მიმართ ზეწოლის მცდელობაზე.

კომენტარები