გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების წევრი ბექა წივწივაძე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებულის ვინაობას არ ასახელებს, თუმცა, ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ პირი აეროპორტში აიყვანეს და მას სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებიან, რაც ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გადაზიდვას და საქართველოში უკანონოდ შემოტანას გულისხმობს.
შსს-ს ცნობით, დაკავებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბექა წივწივაძე საქართველოში ჩინეთიდან ჩამოვიდა და მას ე.წ. ჰაშიში აღმოაჩნდა.
ტაბულა ინფორმაციის გადასამოწმებლად კალათბურთის ფედერაციასთან ცდილობს დაკავშირებას.
ბექა წივწივაძე ვითას კალათბურთელი და საქართველოს ნაკრების წევრია. ის B ნაკრებთან ერთად იმყოფებოდა ჩინეთში ტურნირზე და საქართველოს ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებს უნდა შეერთებოდა სლოვენიაში. წივწივაძე სლოვენიაში ახლა არ იმყოფება. ფედერაციის პრესსპიკერმა Sportall-ს მიზეზად ტრავმა დაუსახელა.





