საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იმ მიზეზებს განმარტავს, რომლებმაც ივნისში ლარის მკვეთრი გაუფასურება გამოიწვია. გვენეტაძე იმ პერიოდზე საუბრობს, როდესაც ლარს გამყარების მკვეთრი ტენდენცია ჰქონდა და ამბობს, რომ ამ პერიოდში გამყარება იმაზე მეტად მოხდა, ვიდრე მას რეალური ეკონომიკური მაჩვენებლები გამოიწვევდნენ. ეს კი ნიშნავს, რომ გაზაფხულზე არსებული დოლარის კურსი - 2.13 გამოწვეული იყო მოსახლეობის აჟიოტაჟური ქმედებებით. ეროვნული ბანკი გაზაფხულის მანძილზე ამ მკვეთრი გამყარების პროცესის სავალუტო ინტერვენციებით შერბილებას ცდილობდა, ჯამში სებ-მა $175 მილიონზე მეტი შეისყიდა, თუმცა, ივნისში ეკონომიკური ფაქტორების გაუარესებამ ლარის აჟიოტაჟური კურსის რეალურ კურსთან დაბრუნება გამოიწვია. 1 ივნისს ერთი დოლარი 2.14 ლარი ღირდა, 30 ივნისს კი მისი ღირებულება 2.32 ლარს შეადგენდა, დღეს კურსი 2.34-ის ფარგლებში მერყეობს.
"დავიწყოთ იმით, რომ გაზაფხულიდან ექსპორტის, გადმორიცხვების მაჩვენებელი გაუმჯობესდა. იმპორტი ისევ მცირდებოდა, ამასთანავე იზრდებოდა შემოსავლები ტურიზმიდან. ამ ყველაფრის ერთობლიობამ შექმნა გამყარების დაწყების საფუძველი, რასაც დაემატა აჟიოტაჟი. შეიქმნა მოლოდინი, რომ მკვეთრი გამყარება მოხდებოდა და ეს პროცესი ასევე გაგრძელდებოდა, მსგავსი რამ ეკონომიკაში არ არსებობს. ამიტომ ყველა ცდილობდა, დოლარი მოეშორებინა. შედეგად ეროვნული ვალუტა უფრო მეტად გამყარდა, ვიდრე ამის ობიექტური საფუძველი არსებობდა. ამიტომ გახდა ეროვნული ბანკის ჩარევა საჭირო. რომ არ ჩავრეულიყავით, ლარი უფრო მეტად გამყარდებოდა, საბოლოოდ ისევ დაუბრუნდებოდა ობიექტურ ნიშნულს. ასეთ შემთხვევაში გაუფასურების ამპლიტუდა გაცილებით დიდი იქნებოდა. უნდა გავიაზროთ, რომ ეს არის ეკონომიკური კონიუნქტურის ნაწილი და აჟიოტაჟი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით", - რეზონანსთან საუბარში ამბობს კობა გვენეტაძე.
გაზაფხულის გამყარების პიკში, 20 მაისს, კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ კურსის გამყარება დაახლოებით $300 მილიონით გაუმჯობესებულმა საგადამხდელო ბალანსმა გამოიწვია, თუმცა, მკვეთრი გამყარების პროცესი გარკვეულ რისკებს შეიცავდა, ამიტომაც ბანკი მას სავალუტო ინტერვენციებით აბალანსებდა.
როდესაც ლარს სწრაფი გაუფასურების ტენდენცია აქვს (დღეში რამდენიმე თეთრი), ეროვნული ბანკი ამ დროს სავალუტო ინტერვენციებს მიმართავს, უფრო კონკრეტულად, ის სავალუტო რეზერვებს ყიდის, მკვეთრი გამყარების პირობებში კი, ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვებს ყიდულობს.





