სასამართლო სისტემა

დოლიძე: შესაძლოა, სასამართლო მანტიასთან შეუსაბამო კანდიდატებით დაკომპლექტდეს

anna.dolidze/fb.com

პრეზიდენტის ადმინისტრაცია სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით საპარლამენტო ფრაქციებს კონსულტაციებს სთავაზობს. როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღასთან დაკავშირებული კანონპროექტის მიღება მნიშვნელოვანია, ამის ერთერთი მთავარი მიზეზი კი მოსამართლეთა შერჩევის კონკურსია.

„იუსტიციის საბჭოში მიმდინარეობს  მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი, რომლის შედეგადაც დაახლოებით 65 მოსამართლე უნდა დაინიშნოს. სამოქალაქო საზოგადოების ნაწილში არსებობს მოსაზრება, რომ ეს კონკურსი ჩატარდა გაუმჭვირვალედ, დარღვევებით და რომ მასში მონაწილეობდა რამდენიმე კანდიდატი, რომლის პროეფესიული ბიოგრაფია კითხვის ნიშნებს აჩენს საზოგადოებაში.  არსებობს საშიშროება, რომ ამ გასაუბრების შედეგად სასამართლო დაკომპლექტდეს მოსამართლის მანტიასთან შეუსაბამო კანდიდატებით. საქართველოს პრეზიდენტი მზად არის სასამართლო სისტემის ტრანსფორმაციასთან დაკავშირებით კონსულტაციები დაიწყოს პარლამენტში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ ფრაქციასთან, რომელსაც სასამართლო ხელისუფლების მომავალი აღელვებს. პრეზიდენტი ასევე მზად არის კონსულტაციები გამართოს რიგგარეშე სესიის თარიღთან დაკავშირებით“, - ამბობს დოლიძე.

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებები უკვე დაასრულა. საბჭოს გადაწყვეტილებები შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის მოგვიანებით გახდება ცნობილი. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, გასაუბრებებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის არსებული სისტემის ხარვეზიანობა და სისტემური პრობლემები. ისინი უარყოფითად აფასებენ იმ გარემოებასაც, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ დაელოდა პარლამენტისა და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის წესთან დაკავშირებით და შემჭიდროებულ ვადებში, პროცედურის სათანადოდ დაცვის გარეშე ჩაატარა კონკურსი.

აღსანიშნავია, რომ მერვე მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესია 24 ივნისს დაიხურა. 

კომენტარები