აჰმედ ჩატაევის საქმე

სესიაშვილი: ჩატაევი წინა ხელისუფლების უშიშროების აგენტი იყო

ტაბულა

"აჰმედ ჩატაევი წინა ხელისუფლების უშიშროების აგენტი იყო და ის სააკაშვილისგან გიორგი ლორთქიფანიძის მეშვეობით იღებდა დავალებებს", - ეს განცხადება თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში გააკეთა.

სესიაშვილის თქმით, ჩატაევს საქართველოს მოქალაქის ოპერატიული პასპორტი ჰქონდა და საქართველოს უშიშროების დავალებით სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედებდა.

"აჰმედ ჩატაევი წინა ხელისუფლების უშიშროების აგენტი იყო და ის სააკაშვილისგან გიორგი ლორთქიფანიძის მეშვეობით იღებდა დავალებებს მას ჰქონდა საქართველოს მოქალაქის ოპერატიული პასპორტი და ჩვენი უშიშროების დავალებებით სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედებდა. იგი მიდიოდა მივლინებებში, იღებდა ხელფასს, შესაბამის გასამრჯელოს, სამივლინებოს და ის მუშაობდა სააკაშვილზე. ჩატაევი უკრაინაში დააკავეს და მაშინ საქართველოს ხელისუფლებამ ჩათვალა საჭიროდ ამ პირის გამოყენება გარკვეული მიზნებისთვის.

მას უცებ შეუკერეს საქართველოში საქმე და დააბრალეს, თითქოს ვიღაც ადამიანი მოკლა საქართველოში მაშინ, როდესაც შესაბამისი დოკუმენტებით მტკიცდებოდა, რომ ის საქართველოში მანამდე არასდროს არ ყოფილა. ჩამოიყვანეს, ეს ყველაფერი საათებში მოხდა, უკრაინის ხელისუფლებას სავარაუდოდ შეუთანხმდნენ, ჩამოიყვანეს, მოუხსნეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და სწორედ ამ გზით გახდა ის უშიშროების აგენტი და იღებდა დავალებებს", - განაცხადა სესიაშვილმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ გია ლორთქიფანიძემ The Daily Beast-თან მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ჩატაევი თავდაპირველად ჩრდილოეთ კავკასიის ისლამისტურ იატაკქვეშეთის დაჯგუფებებთან მოდერატორის ფუნქციას ასრულებდა. ლორთქიფანიძის თქმით, ერთ წელიწადზე მეტი ის ინფორმატორის მუშაობით კმაყოფილი იყო, თუმცა შემდგომ ჩატაევმა მათ წინააღმდეგ მოქმედება დაიწყო და ის დააკავეს.

REUTERS თურქულ სამთავრობო გაზეთ Yeni Safak-ზე დაყრდნობით წერს, რომ სტამბოლის ათათურქის აეროპორტზე განხორციელებული თავდასხმის ორგანიზებაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქე აჰმედ ჩატაევია.

რუსეთის მოქალაქე ჩეჩნეთიდან, აჰმედ ჩატაევი საქართველოს ხელისუფლებამ 2012 წელს იარაღის უკანანო შეძენა-შენახვის ბრალდებით ე.წ. ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დააკავა.

2012 წლის დეკემბერში, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, აჰმედ ჩატაევი ჯერ გირაოთი გაათავისუფლეს, შემდეგ კი პროკურატურამ მასზე სისხლის სამართლის დევნა შეწყვიტა. ჩატაევი მალევე გაემგზავრა ავსტრიაში, სადაც ლტოლვილის სტატუსით ცხოვრობდა.

2015 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აჰმედ ჩატაევი გლობალურ ტერორისტთა სიაში შეიყვანა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ჩატაევი ავსტრიიდან სირიაში გაემგზავრა, სადაც ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთ დაჯგუფებას ჩაუდგა სათავეში.

კომენტარები