საქართველოს სახალხო დამცველმა დღეს სარჩელით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელშიც სადავოდ მიიჩნია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე და სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლების კონსტიტუციურობა.
საქართველოს სახალხო დამცველის აზრით, ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისათვის ერთ შემთხვევაში 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა და განმეორების შემთხვევაში 1000 ლარამდე ჯარიმა და ვადით ერთ წლამდე პატიმრობა, არ შეესაბამება ამ მუხლებით გათვალისწინებული ქმედებებისგან მომდინარე საზოგადოებრივ საფრთხეს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს, რომლებიც ადამიანს ღირსების შემლახველი და არაჰუმანური სასჯელის დაკისრებისგან იცავს.
"უნდა აღინიშნოს, რომ სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენელ აუცილებელ ელემენტს ისეთი ქმედება წარმოადგენს, რისთვისაც პირმა, ერთხელ უკვე აგო პასუხი; ეს კი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლით აღიარებულ, ერთი და იგივე დანაშაულისათვის მსჯავრის განმეორებით დაკისრების აკრძალვის პრინციპს – "არავის არ შეიძლება განმეორებით დაედოს მსჯავრი ერთი და იმავე დანაშაულისათვის",- ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
ამასთან, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აუცილებელია, ქვეყანაში ჰუმანური ნარკოპოლიტიკა იყოს და სახელმწიფომ სადამსჯელო ღონისძიებების გატარებაზე მეტად რესურსები რეაბილიტაციასა და მკურნალობისაკენ მიმართოს.





