საქართველოს მთავრობა კომერციული ატაშეების ინსტიტუტს ქმნის - ცვლილებებს "დიპლომატიური სამსახურის შესახებ კანონში" მთავრობა დღევანდელ სხდომაზე განიხილავს.
საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ეს იქნება მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც ხელს შეუწყობს ექსპორტს და ვაჭრობას.
"ყველა ქვეყანაში, სადაც ვაჭრობის მიმართულებით დატვირთვა მაღალია, იქნება საქართველოს სპეციალური სავაჭრო წარმომადგენელი, რომელიც მოახდენს საქართველოს ექსპორტიორების ინტერესების ლობირებას იმ ქვეყანაში და იქნება მთავრობის უშუალო წარმომადგენელი ამ კუთხით კომპანიების დასახმარებლად. განსაკუთრებით საუბარია ექსპორტზე, თუმცა იმპორტიც მნიშვნელოვანია და ქმნის სამუშაო ადგილებს საქართველოში. მოგიწოდებთ, მაქსიმალურად ჩქარა შევქმნათ ეს ინსტიტუტი, რათა ამ მიმართულებით მუშაობა გაძლიერდეს", - თქვა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკის სამინისტროში უკანასკნელ პერიოდში ჩამოყალიბდა კონკრეტიზებული მიდგომა კონკრეტულ ქვეყნებთან დაკავშირებით, სადაც ცალკეული ადამიანები არიან პასუხისმგებელი კონკრეტულ პორტფელთან მიმართებით - რამდენიმე ქვეყანასთან ვაჭრობის დინამიკაზე.





