წმიდა და დიდი კრება 2016

საქართველოს ეკლესია კრეტაზე დაგეგმილ კრებაში მონაწილეობაზე უარს ამბობს

წმინდა სინოდი
wikipedia.org

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა ერთსულოვნად მიიღო გადაწყვეტილება, უარი თქვას, 16-26 ივნისს, კუნძულ კრეტაზე დაგეგმილ, დიდ და წმიდა კრებაში მონაწილეობაზე. ამის შესახებ, სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს სინოდის წევრებმა განუცხადეს.

"იმის გამო, რომ ბევრი საქართველოსთვის საჭირბოროტო საკითხი ვერ იქნება გადაწყვეტილი, თავი შევიკავეთ წასვლისგან. მნიშვნელოვანი იყო დიპტიქის საკითხი, საქართველოს დიპტიქში მნიშვნელოვანი ადგილი არ უკავია და კრებამ ამას გვერდი აუარა", - განაცხადა წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტმა ზოსიმე შიოშვილმა. 

მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტის, ილარიონის განცხადებით კი, საქართველო არ მიიღებს კრებაში მონაწილეობას, რადგან "არის ისეთი ფუნდამენტური საკითხები, რომლებიც უნდა იქნეს გათვალისწინებული და რომლებსაც არ ითვალისწინებენ". მიტროპოლიტის თქმით, კრებაზე წასვლისგან თავის შეკავების მიზეზებზე ჟურნალისტებს სინოდის განჩინებას გააცნობენ. 

იმის შესახებ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღევანდელ სინოდზე უარს იტყოდა ისტორიულ კრებაში მონაწილეობაზე, გუშინ, ტაბულას ინფორმირებულმა წყაროებმა აცნობეს. 9 ივნისის საღამოსვე გავრცელდა მართლმადიდებელი თეოლოგების ნაწილის ღია მიმართვა, სადაც იგივე ვარაუდი იყო გამოთქმული. თეოლოგები ეკლესიას კრებაში მონაწილეობისკენ მოუწოდებდნენ და წინააღმდეგ შემთხვევაში, მას საერთაშორისო იზოლაციას უწინასწარმეტყველებდნენ.

14 მართლმადიდებელი ეკლესიიდან, ამ დროისთვის კრებაში მონაწილეობაზე უარი თქვა კიდევ სამმა ეკლესიამ: ბულგარეთის, ანტიოქიისა და სერბეთის საპატრიარქოებმა.

კომენტარები