არჩევნებთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მოწონებულ პრეზიდენტის მიერ გამოცემულ განკარგულებას პრემიერმინისტრი ხელს, სავარაუდოდ, 8 ივნისს მოაწერს. ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ვიცეპრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ისაუბრა.
"პრემიერის ხელმოწერა თუ არ ვცდები იქნება 8 ივნისს. კონტრასიგნაცია მოხდება ისე, რომ 8 ოქტომბერს ჩვენ გვექნება არჩევნები", - აღნიშნა ქუმსიშვილმა.
კანონმდებლობის მიხედვით, მინისტრთა კაბინეტის მიერ მოწონებულ განკარგულებას ახლა ხელი პრემიერმინისტრმა უნდა მოაწეროს, კონტრასიგნაციის შემდეგ განკარგულება ”საკანონმდებლო მაცნეში” უნდა გამოქვეყნდეს, სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისთანავე კი წინასაარჩევნო კამპანია დაიწყება. პრეზიდენტსა და პრემიერს შორის უკვე არსებობს წინასწარი შეთანხმება იმაზე, რომ ქვეყანა საარჩევნო კამპანიის რეჟიმში არჩევნებამდე 4 თვით ადრე - 8 ივნისიდან გადავიდეს. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერს გაიმართება.





