22 მაისის შუალედური არჩევნები

ხვალ, 22 მაისს საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება

ცესკო

ხვალ, 22 მაისს, საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება. არჩევნები გლდანის, გარდაბნის, კასპის, წყალტუბოს, ოზურგეთის, ხობის და ზუგდიდის ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქების 45 საარჩევნო უბანზე გაიმართება. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 54 314-ია. 

შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ დღეს საინფორმაციო ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის, არჩევნების პროფესიულ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩასატარებლად.

"თითოეულ უბანს უკვე გადაეცა ყველა საჭირო ინვენტარი და დოკუმენტაცია: საარჩევნო ბიულეტენები, მათ შორის, ორენოვანი ბიულეტენები (5 750) აზერბაიჯანული თემისთვის, შემაჯამებელი ოქმები, ასევე გამადიდებელი ლინზები მცირემხედველი ამომრჩევლებისთვის. საკრებულოს შუალედური არჩევნების დანიშვნა ყველა ადგილობრივ საარჩევნო ოლქში მოხდა საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო",-განაცხადა ანა მიქელაძემ.

ყველა საარჩევნო უბანი ამომრჩევლისთვის ხვალ დილის 08:00 სთ-დან გაიხსნება, ხმის მიცემის პროცესი 20:00 საათზე დასრულდება, რის შემდეგაც, საარჩევნო ადმინისტრაცია ხმის დათვლის პროცედურებს დაიწყებს. 

ანა მიქელაძის განცხადებით, 22 მაისის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის 5 საარჩევნო სუბიექტია რეგისტრირებული. ესენია: №1 - თავისუფალი საქართველო; №5 - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა; №33 - ირაკლი ალასანია-თავისუფალი დემოკრატები; №24 - სახალხო ხელისუფლება; №41 - ქართული ოცნება; არჩევნებში ასევე ღებულობენ მონაწილეობას ორი საინიციატივო ჯგუფის კანდიდატები გარდაბანსა და ოზურგეთში.

22 მაისს, არჩევნების დღეს დააკვირდება 19 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 292 დამკვირვებელი და ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის 6 დამკვირვებელი; შუალედურ არჩევნებს 18 მედია ორგანიზაციის 300 წარმომადგენელი გააშუქებს.

კომენტარები