17 მაისი

თალაკვაძე: 17 მაისის აქციაზე გავრცელებული განცხადება მეტწილად მცდარია

mcla.gov.ge

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე 17 მაისის აქციასთან დაკავშირებით ლგბტ აქტივისტების მიერ გავრცელებულ განცხადებას მეტწილად მცდარს უწოდებს. მისივე თქმით, ალტერნატიული ლოკაცია აქტივისტებისთვის არავის შეუთავაზებია. რაც შეეხება უსაფრთხოების საკითხს, თალაკვაძე ამბობს, რომ ამის გარანტიას კანონმდებლობა იძლევა.

"პირადად არ შევხვედრივარ, ტრადიციულად ეს შეხვედრა გაიმართა ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით. ინფორმაცია, რომელიც მათ გაავრცელეს, არის მეტწილად მცდარი. ჩვენ არანაირ ლოკაციებს არ ვთავაზობთ არავის. ვუთხარით, რომ შარშან სადაც გამართეს აქცია, თუ გადაწყვეტდნენ, ისევ იმ ადგილას ჩაეტარებინათ. პოლიცია თავის უფლებამოსილების ფარგლებში თავის ფუნქციებს შეასრულებს. რაც შეეხება [უსაფრთხოების] გარანტიებს, რასაც ისინი ითხოვენ, პირდაპირ გიპასუხებთ, რომ გარანტიებს არა რომელიმე პოლიციელი, მათ შორის მე, არამედ კანონმდებლობა აძლევს მოქალაქეებს, ხოლო პოლიცია მოქმედებს და იცავს ამ კანონმდებლობას", - ამბობს თალაკვაძე.

17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, ლგბტ (ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი) აქტივისტები საჯარო შეკრებას არ გამართავენ, მიზეზი სახელმწიფოს მხრიდან მათთვის უსაფრთხოების გარანტიების ვერმიცემაა. ლგბტ აქტივისტების დამოუკიდებელი ჯგუფის ინფორმაციით, შს მინისტრის მოადგილესთან, პრემიერის მრჩეველთან და მერიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრებზე საჯარო უწყებების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სახელმწიფო 17 მაისს რუსთაველის გამზირზე ლგბტ აქტივისტთა უსაფრთხოებას ვერ დაიცავდა და ალტერნატიული ლოკაციები შესთავაზეს.

კომენტარები